სტატისტიკა გალერეა
სუპერლიგის მე-13 ტური დასრულდა. „სოხუმისა“ და „მგზავრების“
დაპირისპირება 2015 წლის ბოლო მატჩი გამოდგა. „სოხუმმა“, რომელიც სუპერლიგას კარგა
ხნის მანძილზე ლიდერობდა და ბოლო ტურებში ცხრილში ოდნავ ჩამოქვეითდა, საშუალო მეტოქის
დამარცხება ვერ მოახერხა და მე-4 ადგილამდე ჩამოქვეითდა.
პირველი მეოთხედის, ასევე ტაიმის შემდეგ „მგზავრები“
2 ქულით, თუმცა მაინც იგებდნენ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა „მგზავრებმა“ პირველი პერიოდი
24:22 მოიგეს, მეორე კი ფრედ – 14:14 დასრულდა და დიდ შესვენებაზე ბერიშვილის გუნდის
მცირე ლიდერობა შენარჩუნდა.
მესამე პერიოდში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. სოხუმელებმა
გააზრებული და შედეგიანი თამაშის წყალობით დაწინაურება და ლიდერობის გამყარება მოახერხეს.
ფილიოპ მილერისა და გიორგი კვეტენაძის შედეგიანობით ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა პერიოდი
28:18 მოიგო და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 8 ქულით – 64:56 დაწინაურდა.
ბოლო პერიოდში „მგზავრები“ გააქტიურდნენ და იმდენი მოახერხეს,
რომ გამარჯვებამდე მივიდნენ. სოხუმელებმა საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, რომ მოგებული
მატჩი წააგეს. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე „სოხუმი“ 6 ქულით – 79:73 იგებდა,
თუმცა „მგზავრებმა“ ჩამორჩენა ლევან გრძელიძის, მაიკლ ტერისა და ავთო ლომინაშვილის ქულებით
აღმოფხვრეს, ხოლო კახა ჯინჭარაძემ საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააგდო
და თამაში 81:79 დასრულდა.
გამარჯვებულებს 19 ქულითა და 16 მოხსნით რეჯინალდ ტერიმ
ულიდრა. 15 ქულქა დააგროვა ავთო ლომინაშვილმა, ხოლო მაიკლ ტერის ანგარიშზე ორმაგი დუბლი
– 144 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. სოხუმელებს 31 ქულით ფილიპ მილერმა ულიდერა, მაგრამ
ამაოდ. გამარჯვება „მგზავრებმა“ წაიღეს.
სუპერლიგის მორიგი, მეორე წრის
ბოლო ტური 9 იანვარს გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვაჟა კვარაცხელია
(„სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): იდეალური მსაჯობა იყო, თამაში ჩვენ
წავაგეთ. ფაქტიურად მეტოქეს „ვაჩუქეთ“ ეს თამაში.
მივულოცავ „მგზავრებს“, ბიჭებმა შესანიშნავად
იბრძოლეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
ბუბა ბერიშვილი
(„მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): ძალიან რთული
თამაში იყო, ველოდებოდით ასეთ დაძაბულ თამაშს „სოხუმთან“ და განსაკუთრებულადაც ვემზადებოდით,
თუმცა ძალიან გაგვიჭირდა. მატჩის ბედი ბოლო
წამებზე გადაწყდა. საბედნიეროდ, ძალები მოვიკრიბეთ
და გამარჯვება მოვიპოვეთ, რისთვისაც დიდი მადლობა ბიჭებს. ასევე, ვისარგებლებ შემთხვევით
და ყველა გულშემატკივარს და სრულიად საკალათბურთო სამყაროს მივულოცავ დამდეგ ახალ წელს!