მგზავრებმა სოხუმი დაამარცხეს

მგზავრებმა სოხუმი დაამარცხეს

 სტატისტიკა  გალერეასუპერლიგის 21-ე ტური და შესაბამისად, მე-3 წრე დასრულდა.
ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფმა „მგზავრებმა“, რომელიც სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის,
პლეი ოფის ზონაში მყოფი „სოხუმი“ დაამარცხა.

ამ გამარჯვებით „მგზავრები“ ცხრილში „ოლიმპს“ დაეწია.
მიუხედავად იმისა, რომ 21 მატჩიდან ოლიმპელებმა „მგზავრებზე“ ერთით მეტი შეხვედრა მოიგეს,
ქულებით მაინც თანაბრობაა. მიზეზი „ოლიმპის“ ბათუმში განცდილი ტექნიკური მარცხია, როს
გამოც 1 ქულა აკლდება.

მთავარი ბრძოლები მაინც წინაა და ყველაფერს 4 წრის დასრულების
შემდეგ გასამართი პლეი აუტის მატჩები გაარკვევს, რომელშიც ცხრილში 5-8 ადგილზე გასული
გუნდები ერთმანეთში 2 წრეს ითამაშებენ და ეცდებიან, სუპერლიგიდან გასავარდნი ბოლო ადგილი
აირიდონ.

რაც შეეხება „მგზავრებისა“ და „სოხუმის“ დღევანდელ მატჩს,
მისი მხოლოდ პირველი ტაიმი იყო საკმარისად დაძაბული. დიდი შესვენებისთვის „მგზავრები“
მხოლოდ 1 ქულას იგებდნენ, თუმცა მესამე პერიოდისა და მათი სპურტის დაწყება ერთმანეთს
დაემთხვა. ცხრილის აუტსაიდერებმა გაქცევა მოაწყვეს და 4-წუთიანი მონაკვეთი 21:4 მოიგეს.
„მგზავრები“ 60:42 დაწინაურდა და მატჩის დასრულებამდე დარჩნილ 15 წუთში მეტო ახლოს
აღარ მიუკარებია.

საბოლოოდ „მგზავრებმა“ 77:65 იმარჯვა, რაშიც სოლიდური
წილი 24 ქულით კაშიმ რენსომმა დაიდო. 20 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა კორი ალენმა, ხოლო
ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე 14 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. „სოხუმში“ 21 ქულით
და 10 მოხსნით საუკეთესო იყო დუეინ ლათანი, ოთარ ბულიავას ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.

მე-4 წრე 22 ტურით დაიწყება, რომელიც 17 და 18 მარტს,
საქართველოს 4 ქალაქში –  ქუთაისში, ბათუმში,
თბილისსა და რუსთავში გაიმართება. 
მატჩისშემდგომი კომენტარები

ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი):

„ჩვენ არ ვუყურებთ მეტოქეს, უბრალოდ ვცდილობთ, მოსაგები
მოვიგოთ და სუპერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ. ეხლა გაცილებით დალაგებულად ვთამაშობთ
და იმ გუნდებთან, რომლებთანაც წინა წრეებში უნდა მოგვეგო, ახლა ვიგებთ. ვნახოთ, წინ
გადამწყვეტი მატჩები გველის. ყველა შეხვედრას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“. 
ვიტალი ჩერნიი (სოხუმის მთავარი მწვრთნელი): 
„როგორც მანამდე ვამბობდი რთული თამაში გველოდა წინ. ჩვენ წავაგეთ ამ “ველურ” კალათბურთში, ველური იმიტომ, რომ ფაქტიურად ქაოსი იყო მოედანზე. ჩვენთანაც და მოწინააღმდეგე გუნდთანაც. ვეცადეთ, თუმცა ყველას არ შეეძლო ბოლომდე გაეძლო, ამიტომაც მივიღეთ ის რეზულტატი, რაც ტაბლოზე გვაქვს. წინ კიდევ ერთი წრეა და ვეცდებით გამოვასწოროთ. გულწრფელად რომ ვთქვათ ყველა თამაშს ოქროს ფასი ექნება, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ მოდუნებას და ხელების ჩამოშვებას.“