„მგზავრებმა“ სეზონის პირველი გამარჯვება „სოხუმთან“ მოიპოვა

„მგზავრებმა“ სეზონის პირველი გამარჯვება „სოხუმთან“ მოიპოვა

სუპერლიგის მეორე ტურის დარჩენილი მატჩები დღეს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ტურის საწყისი მატჩები რეგიონებში – რუსთავსა და ქუთაისში გაიმართა.

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ პირველ შეხვედრაში „სოხუმი“ და „მგზავრები“ შეხვდნენ. ორივე გუნდს პირველ ტურში მარცხი ჰქონდა განცდილი და პირველი გამარჯვებისთვის ემზადებოდა, აქედან გამომდინარე თამაშიც საკმაოდ თანაბარი გამოვიდა.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრის ბოლო პერიოდში „მგზავრებმა“ იძალეს, რომლებმაც დასკვნითი 10-წუთეული 26:11 მოიგეს და შეხვედრაც სასურველი შედეგით დაასრულეს – 89:78.

„მგზავრებში“ შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა დერონ პაუერსს, რომელმაც 18 ქულა და 8 პასი მიითვალა. 13 ქულა მოაგროვა გუნდის კაპიტანმა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო სამმა კალათბურთელმა – სანდრო სანაძემ, რატი ნუცუბიძემ და ბერნარ ნკალიმ 12-12 ქულა მიითვალეს. ეს უკანასკნელი საერთო სარგებლიანობით საუკეთესო იყო მგზავრებში და 12 ქულას 14 მოხსნა, 7 დაფარება და 2 პასი მოაყოლა.

„სოხუმში“ 25 ქულით და 6 პასით კვან უოლერი გამოირჩა. 20 ქულა მიითვალა ბოგდან ბაიდამ, მაქსიმ ლუცენკოს ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

მიხეილ კობეშავიძე („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): ვფიქრობ, რომ შეთამაშება გვაკლია. ახალი გუნდი გვყავს და ჯერჯერობით ვერ დავლაგდით მოედანზე. ეგრეთ წოდებულ „ზონას“ კი ვთამაშობდით წინა და დღევანდელ თამაშში, მაგრამ არ წაგვივიდა თამაში ისე, როგორც გვსურდა.

ბუბა ბერიშვილი („მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მოხარულები ვართ, რომ წლევანდელ სეზონში პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვფიქრობ, რომ დრო გვჭირდება თამაშის კიდევ უფრო დასახვეწად. მადლობა ჩემს ბიჭებს, რომ დავალებას კარგად გაართვეს თავი. ვეცდებით შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც აქამდე გვქონდა.