მგზავრებმა სეზონის პირველი გამარჯვება გადადებულ მატჩში მოიპოვეს

მგზავრებმა სეზონის პირველი გამარჯვება გადადებულ მატჩში მოიპოვეს

 სტატისტიკა
 გალერეა დღეს გაიმართა სუპერლიგის მე-2 ტურის გადადებული მატჩი,
რომელიც 22 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო და რომელიც მსაჯ-მდივანთა გარკვეული ჯგუფის
საბოტაჟის გამო არ ჩატარდა. „კაკტუსისა“ და „მგზავრების“ მატჩი საკმაოდ საინტერესო
და დაძაბული გამოდგა, რომელიც ბუბა ბერიშვილის გუნდის სადებიუტო გამარჯვებით დასრულდა.

„მგზავრებს“ ამ შეხვედრამდე სუპერლიგაში ოთხივე მატჩი
ჰქონდათ წაგებული და დღევანდელი გამარჯვებით ნავსი ხომ გატეხეს და დიდადაც გაიხარეს.
ბერიშვილის გუნდმა წინა მატჩში, გასულ პარასკევს, ტურნირის ერთ-ერთ ლიდერ „რუსთავს“
მისსავე მოედანზე დიდი ბრძოლა გაუმართა და მატჩის ბოლო წუთზე მცირე სხვაობით დამარცხდა.
დღეს კი „მგზავრებმა“ არჩილ ჟღენტის „კაკტუსს“ სძლიეს, რომელსაც აქამდე გამართული
4 შეხვედრიდან 2 მოგება ჰქონდა მოპოვებული.

შეხვედრა კაკტუსელთა შედეგიანობით დაიწყო და პირველ
მეოთხედში მოპოვებულ 6-ქულიან ლიდერობას ჟღენტის გუნდის წევრებმა დიდი შესვენებისთვის
4 ქულაც მიამატეს და 54:35 დაწინაურდნენ. ბუბა ბერიშვილმა შესვენებისას სწორი დარიგებები
მისცა თავისი გუნდის წევრებს, რაც კალათბურთელებმა კარგად შეასრულეს და მესამე პერიოდი
29:17 მოიგეს.

ბოლო ათწუთეულის წინ „მგზავრები“ 2 ქულით იგებდნენ და
შეხვედრა ისე ჩაამთავრეს, მეტოქეს ვითარების შეცვლის საშუალება არ მისცეს. შესანიშნავად
ითამაშეს ბექა წივწივაძემ, დარნელ ტეილორმა, ავთო ლომინაშვილმა და ოთო ფხაკაძემ, რომლებმაც
შედეგიანი გარჯით ბერიშვილის გუნდს გამარჯვება გაუნაღდეს.

„მგზავრებში“ 24 ქულით ბომბარდირი გახდა ავთო ლომინაშვილი.
17 ქულა და 7 პასი ბექა წივწივაძემ გაიღო, ტეილორის ანგარიშზე კი 15 ქულა და 7 მოხსნა
დაგროვდა. ოთარ ფხაკაძემ გამარჯვებულებს 14 ქულა შესძინა. „კაკტუსში“ 23 ქულით საუკეთესო
იყო ირაკლი ჩლაიძე, ხოლო ბექა ჩიკვილაძემ 18 ქულა მოაგროვა.

სუპერლიგის მორიგი, მე-6 ტური 20 ნოემბერს, თბილისში
გაიმართება.

 მატჩიშემდგომი კომენტარები

არჩილ ჟღენტი, (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი): – მიუხედავად იმისა, რომ „მგზავრებს“ მიმდინარე ჩემპიონატში
მოგება არ ჰქონდათ, ჩვენ საკმაოდ ფრთხილად ვეკიდებოდით ამ გუნდთან თამაშს. ვამბობდი,
რომ ბოლომდე მობილიზება იყო საჭირო სასურველი შედეგის მიღწევამდე, მაგრამ პირველი ტაიმის
10 ქულით მოგების შემდეგ მოვეშვით. მესამე პერიოდში მეტოქემ ძალიან შედეგიანად ითამაშა,
რის შემდეგაც ვეღარ მოვახერხეთ ვითარების გამოსწორება და საბოლოოდ ცუდი შედეგი მივიღეთ.
ბუბა ბერიშვილი, (მგზავრების მთავარი მწვრთნელი): – პირველ რიგში ვულოცავ გუნდს! ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ როგორც იქნა ეს ბარიერი გადავლახეთ, რადგან თითქმის 3-ჯერ დაგვეშალა გუნდი. კიდევ 2 უცხოელი მოთამაშე გვაკლია, ჯერ ისევ არ ვართ ბოლომდე ფორმაში. მაქსიმალურად ვეცდებით რომ უფრო უკეთესი კალათბურთი ვითამაშოთ. დღეს ალბათ უფრო მეტი შანსი უნდა გამოგვეყენებინა. ბევრი შეცდომაც დავუშვით, ტრავმებმა თავისი გაიტანა. ძალების აღდგენას დრო ჭირდება.