სტატისტიკა
გალერეა გუშინ დაძაბული მატჩებით დაწყებული სუპერლიგის მე-12
ტური იგივე დრამატიზმით ვერ გაგრძელდა, თუმცა „რუსთავისა“ და „მგზავრების“ დაპირისპირებაში
საინტერესო ორთაბრძოლა ვიხილეთ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ „მგზავრებს“ ტრავმირებული
მაიკლ ტერი დაუბრუნდა, თუმცა ვერ ითამაშა გუნდის ლიდერმა კაშიმ რენსომმა.
ერთმატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ რუსთაველთა
გუნდში ითამაშა სუპერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა ნიკოლა გაჩეშამ, თუმცა ქვემო
ქართლელებმა ისევ მარხი იწვნიეს. გუნდს, რომელსაც გამორჩეული მოთამაშეები ჰყავს და
ამბიციაც შესაბამისი აქვს, მატჩების უმეტესობას აგებს. „მგზავრებთან“ მატჩის შემდეგ
მიხეილ ბერუაშვილის გუნდს 4 მოგება და 8 მარცხი დაუგროვდა და ამ შედეგით მხოლოდ „აკადემიას“
უსწრებს.
„მგზავრებმა“ საბოლოოდ 7 ქულის სხვაობით – 75:68 იმარჯვა.
დაახლოებით ამ სხვაობით იგებდნენ თბილისელები მთელი მეორე ტაიმი და რუსთაველები ამაოდ
ცდილობდნენ მის გაბათილებას. საკმაოდ სწრაფი და რაც მთავარია, შედეგიანი თამაშით „მგზავრები“
„რუსთავს“ ახლოს არ უშვებდნენ და მეორე პერიოდის 25:13 მოგებით მოპოვებული ლიდერობა
თამაშის ბოლომდე წარმატებით შეინარჩუნეს.
გამარჯვებულებს 18 ქულით ლევან გრძელიძემ ულიდერა. ორმაგი
დუბლი – 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა ტანმაღალმა რეჯინალდ მერფიმ, მაიკლ ტერის ანგარიშზე
კი 15 ქულა დაგროვდა. რუსთაველთაგან 18 ქულით მიხეილ ჭოჭუა გამოირჩა, ხოლო ნიკოლა გაჩეშამ
16 ქულა მოაგროვა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბუბა ბერიშვილი, „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი: „რუსთავთან თამაშისთვის სპეციალურად ვემზადებოდით. აქცენტი
სწრაფ თამაშზე გავაკეთეთ და ბიჭებმა ამოცანას თავი კარგად გაართვეს. ყველა ძალიან მონდომებულად
თამაშობს და წარმატების მიზეზიც ეს გახლავთ. სამწუხაროდ ვერ ითამაშა ჩვენი გუნდის ლიდერმა
კაშიმ რენსომმა, რომელმაც ფეხი იტკინა და 2-3 კვირა ვერ დაგვეხმარება“.
ბადრი კიკვიძე (რუსთავის მწვრთნელი): ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით თამაშის მეორე ნაწილში. დაცვაშიც ვერაფერს გავხდით. გუნდში მცირე ტრავმიანობამაც შეგვიშალა ხელი – ნიკოლა გადატანილი ავადმყოფობის გამო დღეს ფორმაში არ იყო, გამყრელიძემ ფეხი იტკინა და თამაშში სათანადოდ ვერ ჩაერთო… რაც შეეხება “მგზავრებს”, მივულოცავ ამ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ. მათ დღეს დამსახურებულად გაიმარჯვეს.