სტატისტიკაგალერეასუპერლიგის მორიგი, მე-11 ტური დასრულდა. დასკვნით მატჩში
ერთმანეთს ცხრილში ახლოს მყოფნი – „ოლიმპი“ და „მგზავრები“ შეხვდნენ. შესაბამისად,
დაძაბული თამაშიც მოსალოდნელი იყო, თუმცა ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა „მგზავრებმა“,
რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში „ოლიმპზე“ ერთით ნაკლები მოგება ჰქონდა მოპოვებული,
იოლ გამარჯვებას მიაღწია.
საბოლოოდ 4-ქულიანი სხვაობა კი დაფიქსირდა, თუმცა შეხვედრა
ისე დასრულდა, ვითარება არც დაძაბულა. „მგზავრებმა“ ისე დამაჯერებლად ჩაატარეს მთელი
შეხვედრა, რომ თავიდანვე რომ დაწინაურდნენ, ბოლო წუთებამდე მეტოქე ახლოს აღარ მიიკარეს.
პირველი პერიოდი ბერიშვილის გუნდმა 24:14 მოიგო, ხოლო
თამაშის მე-15 წუთისთვის უკვე 18 ქულით ლიდერობდა – 32:14. შედეგიანად თამაშობდნენ
„მგზავრების“ ამერიკელი ლეგიონერები – რეჯინალდ მერფი და კაშიმ რენსომი. ოლიმპელები
კი თამაშს ვერაფრით ალაგებდნენ და ყოველი მცდელობა, ჩამორჩენა შეემცირებინათ, უშედეგოთ
მთავრდებოდა. მაქსიმუმი, რაც გია კაზანჯიანის გუნდმა მოახერხა, დეფიციტის 4 ქულამდე
შემცირება იყო.
გამარჯვებულთაგან 19 ქულითა და 17 მოხსნით საუკეთესო
იყო რეჯინალდ მერფი. მეორე ამერიკელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 18 ქულა, 11 მოხსნა
და 7 პასი მიითვალა, ხოლო მესამე მოთამაშე, რომელმაც ათქულიანი ბარიერი დაძლია, გიორგი
ორმოცაძე გახლდათ – მის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. „ოლიმპში“ 19 ქულით რევაზ როგავა
გამოირჩა, ჯერემი ბაინუმმა კი შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.
სუპერლიგის მე-12 ტური 25 და 26 დეკემბერს ბათუმსა და
თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი
კომენტარები:
ბუბა ბერიშვილი
(„მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): წინა შეხვედრა
„დინამოსთან“ ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამიტომ დღევანდელი მატჩისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც სათანადოდ ვემზადებოდით. გავაანალიზეთ
ჩვენი შეცდომები, რომელიც საკმაოდ მრავლად გვაქვს. გუნდში ტრავმიანობის
მხრივაც გარკვეული პრობლემებია, ზოგიერთი მოთამაშე ტრავმის შემდეგ ჯერაც არაა ფორმაში შესული. მთლიანობაში ჩემი გუნდით ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ და იმედია სამომავლოდ
ბევრად მაღალ შედეგს ვაჩვენებთ.
გია კაზანჯიანი
(„ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ „მგზავრებს“ დამსახურებელ
გამარჯვებას, მოწინააღმდეგე ბოლომდე დაიხარჯა ამ შედეგისთვის, ჩვენ კი მოედანზე სრულიად
მოუმზადებელნი გამოვედით და ზედმეტად თავდაჯერებულებიც. ბრძოლა საკმაოდ გვიან დავიწყეთ
და სათამაშო დროც აღარ იყო საკმარისი.