სუპერლიგის მე-5 ტურის მორიგი მატჩი გაიმართა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. “დელტას” “მგზავრებისთვის” მარნეულში უნდა ემასპინძლა, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო ეს შეხვედრა დედაქალაქში გაიმართა.
დაძაბულობის მხრივ, ეს მატჩი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოდგა მიმდინარე სუპერლიგაში. გამარჯვებული ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა და შეხვედრა ახლოს იყო მეორე ოვერტაიმთანაც, თუმცა მარნეულელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, რომლის სამქულიანით “დელტამ” ოვერტაიმამდე მიიყვანა საქმე, ბოლო წამებზე მეორე საჯარიმო ვერ ჩააგდო და შეხვედრა მეორე დამატებით დროში ვეღარ გადაიყვანა.
მარნეულელები ბოლო პერიოდში 12 ქულით იგებდნენ, თუმცა სოლიდური უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, რაც “მგზავრების” სწრაფი და გუნდური თამაშის დამსახურება გახლდათ. გადამწყვეტ ეპიზოდებში გამორჩეულად ითამაშეს “მგზავრების” უკანახაზელებმა – სანდრო სანაძემ, დერონ პაუერსმა, გრეგორი ტაკერმა, რომლებსაც სამწამიან ზონაში შედეგიანობით ირაკლი ალხანაიძეც შეეშველა და “მგზავრებმა” მიმდინარე სეზონში მე-2 გამარჯვება მოიპოვეს. რაც შეეხება “დელტას” – 5 წაგების მქონე სუპერლიგის დებიუტანტებს მოგება ჯერ არა აქვთ.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბექა ქარცივაძე (მარნეულის „დელტას“ მწვრთნელი): საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო. ძალიან გვჭირდებოდა ეს მოგება, თუმცა მთავარი მწვრთნელის არ ყოლის გამო გუნდი სათანადოთ ვერ მოემზადა თამაშისთვის. იმედი მაქვს ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ უფრო უკეთესი გუნდი ვიქნებით.
ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი): არ ველოდი ასეთ თამაშს. ძალიან ბევრი შეცდომები გვაქვს, ძალიან ბევრი აცილებული ბურთი და სიმართლე ითქვას, იღბალი ცოტათი მარნეულის მხარეს იყო – ძალიან ბევრი ჩაგვიგდეს. იმედი მაქვს სამომავლოდ შეცდომებს გამოვასწორებთ და ფარქვეშ უკეთ ვითამაშებთ.