სტატისტიკა გალერეასუპერლიგის გათამაშება მესამე წრიდან განახლდა. თბილისის
ოლიმპიურ სასახლეში დღეს 4 მატჩია დაგეგმილი, რომელთაგან პირველი, „მგზავრები“ – „ბათუმი“
დასრულდა. ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფმა „მგზავრებმა“ მეოთხეზე მყოფ „ბათუმს“ ისე
მოუგეს, წარმატების შანსი არ მიუციათ.
თანაბარი მხოლოდ პირველი პერიოდი გამოდგა, როცა მატჩი
თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა და გუნდები ფეხდაფეხ მისდევდნენ ერთმანეთს. „მგზავრებმა“
პერიოდის მიწირულს მოახერხეს მცირედით დაწინაურება – 24:21. მეორე მეოთხედში კარგი
დაცვისა და სწრაფი შეტევის ხარჯზე თბილისელებმა თამაშის სადავეები ხელთ იპყრეს და დიდ
შესვენებამდე ლიდერობა 12 ქულამდე გაზადეს – 49:37.
„ბათუმმა“ მეორე ტაიმში ვერაფერი შეცვალა, რაც „მგზავრების“
გამართული თამაშის დამსახურება გახლდათ. მასპინძელთა ლიდერობის ზრდამ შეუქცევადი ხასიათი
მიიღო და ბოლო წუთბამდე გაგრძელდა. მალე „მგზავრების“ უპირატესობამ 20 ქულას, ბოლო პერიოდში კი 30-ს გადააჭარბა.
საბოლოოდ კი თბილისელებმა 99:60 მოიგეს და ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოიპოვეს.
„მგზავრებს“ 27 ქულით კაშიმ რენსომმა ულიდერა. 15 ქულა
და 9 მოხსნა რეჯინალდ მერფის ანგარიშზე დაგროვდა. 13 ქულითა და 8 პასით დაასრულა შეხვედრა
კორი ალენმა. ბათუმელთაგან საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც 19 ქულა მოაგროვა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი):
„გუნდმა , ასე ვთქვათ, იდეალურად ითამაშა შეტევაშიც
და დაცვაშიც. მესამე წრე დავიწყეთ და სუპერლიგაში ბოლო ადგილზე ვართ, გუნდში პრობლემები
გვქონდა და მაქსიმალურად მოვემზადეთ. ყველამ მოინდომა და გუნდი მაქსიმალურად აეწყო.
მადლობა მინდა ბიჭებს ვუთხრა და იმედი მაქვს, მომავალშიც გავაგრძელებთ წარმატებით თამაშს“.
დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი):
„აშკარად დაეტყო ჩვენ გუნდს უთამაშებლობა, ფაქტიურად ერთ თვეზე მეტია თამაში არ ჩაგვიტარებია. ეს ჩვენთვის პირველი თამაში იყო წინა წრის დასრულების შემდეგ. სულ სხვა კონდიციაშია გუნდი, ვფიქრობ ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება და უფრო მოვუმატებთ.“