სტატისტიკა სუპერლიგის მე-5
ადგილის მფლობელი „მგზავრები-არმია“ გახდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს
ქუთაისში ადგილობრივი გუნდი 92:90 დაამარცხა და ჩემპიონატში საპატიო მე-5 ადგილი დაიკავა.
შარშანდელი ფინალისტი და ვერცხლის პრიზიორი „ქუთაისი“ კი მე-6 ადგილს დასჯერდა.
ბერიშვილის გუნდმა
გმირული გამარჯვება მოიპოვა, რადგან თამაშის მსვლელობისას არმიელები 22 ქულით ჩამორჩებოდნენ.
ქუთაისელთა ყველაზე დიდი ლიდერობა მეორე მეოთხედის მე-4 წუთისთვის დაფიქსირდა, როცა
მასპინძლები 46:24 იგებდნენ.
მესამე მეოთხედის
მეორე წუთზე კი კვლავ ქუთაისელებს ჰქონდათ სოლიდური ლიდერობა – 64:44, რის შემდეგაც
სტუმართა ჯერიც დადგა. „მგზავრები-არმიამ“ მესამე პერიოდი 22:18 მოიგო და გადამწყვეტ
მეოთხედს 8 ქულიანი დეფიციტით შეხვდა. არმიელები გუნდურად თამაშობდნენ, რაც გახდა კიდეც
თამაშის შემობრუნების მიზეზი.
ქუთაისელებს აკლდათ
სლოვენიელი ლეგიონერი მირზა სარალია, ასევე, აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევი, რის გამოც
4 მოთამაშეს – ანატოლი ბოისას, დავით ბარბაქაძეს, ვახტანგ ქადარიას და ლევან გრძელიძეს
შეუცვლელად მოუწიათ თამაში. ეს დაეტყო ქუთაისელთა თამაშის ხარისხს, მასპინძლები გადაიღალნენ
და გადამწყვეტ მეოთხედში „მგზავრები-არმიამ“ მატჩის მოგება მოახერხა.
საბოლოოდ, არმიელებმა
92:90 იმარჯვეს და როგორც თავში ვთქვით, სუპერლიგა მე-5 ადგილზე დაასრულეს. თბილისურ
გუნდში ექვსმა მოთამაშემ 10-ქულიან ზღვარს მიაღწია, რომელთაგან ყველაზე მეტი – 16 ქულა
დავით იოსელიანის ანგარიშზეა. 15-15 ქულა მიითვალეს რევაზ ათანელიშვილმა და კახა ჯინჭარაძემ,
13-13 ტატო ჩაჩიბაიამ და დავით მაისურაძემ. “ქუთაისში“ 29 ქულით ბომბარდირი გახდა დავით
ბარბაქაძე, ხოლო ვახტანგ ქადარიამ თავი 20 ქულას და 23 მოხსნას მოუყარა.
7-8 ადგილებისთვის
საკვალიფიკაციო სერია, რომელიც 2 მოგებამდე გრძელდება, სტარტს 22 მაისს, ფინალურ სერიასთან
ერთად აიღებს.