შედეგები სუპერლიგის მეორე ტური დღეს რეგიონებში დაიწყო და ხვალ თბილისში 2 მატჩით დასრულდება. ბათუმშიც და ქუთაისშიც საკმაოდ საინტერესო მატჩები გაიმართა, თუმცა საბოლოოდ ორივეგან მასპინძლებმა იმარჯვეს.
მეორე ტურის მატჩი კი იყო, თუმცა „აკადემიისთვის“ ეს გახლდათ სუპერლიგის სადებიუტო შეხვედრა. მოგეხსენებათ, „შსს-აკადემია“ ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღით ადრე გამოეთიშა სუპერლიგას და მის ნაცვლად „ა“ ლიგიდან ამოსულ გუნდს ორგანიზატორებმა პირველი ტურის მატჩი გადაუდეს. გადადებულ მატჩს „აკადემია“ „ოლიმპთან“ 27 ოქტომბერს ჩაატარებს, დღეს კი აკადემიელებმა ქუთაისში სადებიუტო შეხვედრა გამართეს და ადგილობრივი გუნდი ანერვიულეს კიდეც. ეს ცოტა უცნაურია, რადგან იმერულმა კლუბმა საბოლოოდ 21 ქულით მოიგო, თუმცა ბოლო პერიოდის დაწყებამდე წინ „აკადემია“ იყო.
გელა წულაძის გაწვრთნილმა თბილისურმა გუნდმა პირველი პერიოდი 5 ქულით მოიგო და ლიდერობას მესამე მეოთხედის ბოლომდე ინარჩუნებდა. გადამწყვეტი ათწუთეულის წინ ქუთაისელები 63:65 ჩამორჩებოდნენ, თუმცა აღნიშნული პერიოდი აღმავლობით ჩაატარეს, „აკადემიამ“ კი მასპინძლებს ვერაფერი დაუპირისპირა და საბოლოოდ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა 95:74 იმარჯვა.
ქუთაისელთაგან 23 ქულით საუკეთესო შედეგი გოგა ცეკვავამ დააფიქსირა, რომელმაც 7 ჩაჭრა, 6 მოხსნა და 5 პასიც მიითვალა. 14-14 ქულა (და 8-8 მოხსნა) მოაგროვეს რიჩარდ მათიაშვილმა და ბექა ბექაურმა, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. აკადემიელთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო კოკა ტომარაძე.
ბათუმში „მგზავრები“ ჩავიდა, რომელმაც პირველ ტურში თბილისში „ქუთაისი“ დაამარცხა. ბათუმელებს რაც შეეხებათ, პირველ ტურში „დინამოსთან“ წააგეს და შინაურ კედლებში საკმაოდ ძლიერ „მგზავრებთან“ მხოლოდ გამარჯვებას გეგმავდნენ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მასპინძლებს დიდი თავსატეხი გაუჩინა, რადგან დალაგებული და შედეგიანი თამაშით ლიდერობა თავიდანვე მოიპოვა და თამაშისთვის განკუთვნილი 40 წუთიდან 31:34 წუთი წინ იყო.
ბათუმელებმა „მგზავრების გატეხვა ბოლო მეოთხედში მოახერხეს, როცა ანგარიში გაათანაბრეს და გუნდური თამაშის ძალისხმებით თამაშის ბოლო 5 წუთში გასამარჯვებლად საკმარისი ლიდერობა მოიპოვეს. საბოლოოდ დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა „ბათუმმა“ 79:70 მოიგო და ორივე გუნდს 2 ტურის შემდეთ თითო მოგებ-წაგება დაუგროვდა.
გამარჯვებულთაგან 19 ქულით ბომბარდირი აკაკი დვალიშვილი გახდა, უკრაინელმა იგორ კრივცოვმა 18 ქულა მოაგროვა, ხოლო ექსდინამოელი ბესო ლეჟავა ზღვისპირელებს 13 ქულითა და 6 შედეგიანი გადაცემით შეეწია. „მგზავრებში“ კვლავ გამოირჩა კახა ჯინჭარაძე, რომელმაც 26 ქულა დააგროვა და სუპერლიგის ბომბარდირებს სათავეში ჩაუდგა. 16 ქულითა და 9 მოხსნით მგზავრებში ახალგაზრდა ფორვარდი გიორგი ორმოცაძე გამოირჩა.
მეორე ტური ხვალ, 24 ოქტომბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გასამართი 2 შეხვედრით დასრულდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ქუთაისი – აკადემია 96:74
გელა წულაძე („აკადემიის“ მთავარი მწვრთნელი):
„ამ გუნდით მხოლოდ ექვსი-შვიდი ვარჯიში გვაქვს
ჩატარებული, ფიზიკური მომზადება არ გაგვივლია. ამის ფონზე ნორმალურად გამოვიყურებოდით,
ცუდი შთაბეჭდილება არ დაგვიტოვებია. ძირითადათ 19-20 წლის ბიჭები გვყავს, გამოცდილი
სულ რამდენიმე მოთამაშეა. პირველი ოფიციალური მატჩის კვალობაზე სასაყვედურო არაფერი
მაქვს, მჯერა, თანდათან მოვუმატებთ.“
კოტე ტუღუში ( „ქუთაისი 2010“-ს მთავარი მწვრთნელი):
„ პირველი საშინაო მატჩი ფსიქოლოგიურად რთული იყო გუნდისთვის, ერთგვარი წნეხის ქვეშ
ვთამაშობდით. მიუხედავად ამისა, ბიჭებმა მოინდომეს, იბრძოლეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს.
მეტოქედ ახალგაზრდული გუნდი გვყავდა, რომელმაც ბევრი გვანერვიულა, დიდი წინააღმდეგობა
გაგვიწია. ასეთი თამაშები ჩვენ ძალიან წაგვადგება. მომავალ პარასკევს რუსთავის გუნდი
გვესტუმრება და სერიოზულად უნდა მოვემზადოთ.“
ბათუმი – მგზავრები 79:70
დავით უსტიაშვილი (“ბათუმის” მთავარი მწვრთნელი): საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. თავდაპირველად დაცვაში პრობლემები გვქონდა, რაც ანგარიშზეც აისახა. ჯერ მხოლოდ მეორე მატჩი ჩავატარეთ, ამასთან ისეთ მოწინააღმდეგეს შევხვდით, რომელმაც ქუთაისის ძლიერი გუნდი დაამარცხა. მთავარია, მოვიგეთ და ბევრ მომენტში კარგადაც ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, ამაზე არ შევჩერდებით, თანდათანობით ფორმაშიც შევალთ და უფრო მოვუმატებთ. დღევანდელი თამაშით და ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ.
ბუბა ბერიშვილი (“მგზავრების” მთავარი მწვრთნელი): ველოდით რომ ბათუმში რთული თამაში გვექნებოდა. სამი მეოთხედის განმავლობაში ვიგებდით, თუმცა ბოლო პერიოდში უამრავი შეცდომა დავუშვით. თამაშის დასაწყისში დავგვიშავდა ლეგიონერი მაიკლ ტერი, რამაც გარკვეული ზეგავლენა იქონია. რამდენად სერიოზულია ტრავმა, ამას მოგვიანებით გავარკვევთ. ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი მარცხი გამოუცდელობამ განაპირობა. მიუხედავად ამისა, ყველაფერს გავაკეთებთ და მაქსიმალურად ვიბრძოლებთ წლევანდელ სეზნში სასურველი შედეგის მიღწევისთვის.