მე-10 ტური რუსთავისა და ბათუმის გამარჯვებებით დაიწყო

მე-10 ტური რუსთავისა და ბათუმის გამარჯვებებით დაიწყო

 შედეგები გალერეასუპერლიგის მე-10 ტური დღეს თბილისსა და ბათუმში დაიწყო.
აჭარაში სათამაშოდ „ოლიმპი“ ჩავიდა, ხოლო „რუსთავმა“ თბილისში „ქუთაისს“ უმასპინძლა.
ორივე ქალაქში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მატჩები შედგა, რომლებშიც გამარჯვებას
მასპინძლებმა მიაღწიეს.
კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სუპერლიგაში ფავორიტები
არ არსებობენ. ყველა გუნდს  აქვს შანსი, ნებისმიერი
მეტოქე დაამარცხოს. ასე მოხდა დღევანდელ მატჩში, რომელშიც ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა
„რუსთავმა“ ლიდერ „ქუთაისს“ მოუგო. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, თუმცა აღსანიშნავია,
რომ მოგებული „რუსთავი“ მატჩისთვის განკუთვნილი დროის უმეტეს ნაწილში იგებდა და საბოლოოდ
71:63 იმარჯვა.
პირველ ტაიმში რუსთაველები დალაგებული და გააზრებული
თამაშის წყალობით დამაჯერებლად ლიდერობდნენ. კარგი დაცვს ხარჯზე ქვემოქართლელებს შეტევაში
გზა ეხსნებოდათ და ქულას ქულაზე იხვეჭდნენ. პირველი მეოთხედი მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა
რუსთაველებმა 20:8 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი ქუთაისელებმა ჩამორჩენა 6 ქულამდე
შეამცირეს – 25:31.
მესამე მეოთხედში ქუთაისელებმა რიჩარდ მათიაშვილის,
გიორგი ბარბაქაძის და გოგა ცეკვავას შედეგიანობით ქუთაისელებმა ანგარიში გაათანაბრეს
და დაწინაურდნენ კიდეც. მესამე პერიოდი კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა „ქუთაისმა“ 19:9 მოიგო
და ბოლო პერიოდის წინ 4 ქულით დაწინაურდა – 44:40.
ბოლო პერიოდში თანაბარი თამაში გაგრძელდა. სამარქაფო
რევაზ ჩაჩანიძის შემწეობით რუსთაველებმა ანგარიში გაათანაბრეს, რის შემდეგაც მატჩის
დასკვნით 8 წუთში ქულა-ქულაში თამაში წავიდა. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდ, ხან – მეორე,
ყველაფერი კი ბოლო წუთზე გადაწყდა. კაილ ტურპინისა და ნიკოლა გაჩეშას ფარქვეშა აქტიურობას
პერიმეტრიდან გიორგი გამყრელიძისა და მიხეილ ჭოჭუას შედეგიანი თამაში მოჰყვა და ბოლო
წუთზე რუსთაველებმა თამაშის ბედი გადაწყვიტეს.. საკვანძო გამოდგა ჭოჭუას სამქულიანი,
რომლის შემდეგაც, თამაშის დასრულებამდე 37 წამით ადრე რუსთაველები 4 ქულით დაწინარდნენ.
საბოლოოდ ქვემოქართლელებმა 71:63 იმარჯვეს და სეზონის
მე-4 გამარჯვება მიითვალეს. ქუთაისს კი დაკარგული ქულებით „ბათუმმა გადაასწრო, რომელმაც
„ოლიმპი“ დაძაბულ ბრძოლაში – 87:83 დაამარცხა. ბათუმელებმა შეხვედრა წარმატებულად კი
დაიწყეს და პირველ პერიოდში 23:9 დაწინაურდნენ, თუმცა ოლიმპელებმა მოახერხეს თამაშის
გათანაბრება და მე-3 მეოთხედში 4 წუთის განმავლობაში ლიდერობდნენ.
ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომლის დაწყებამდეც
ანგარიში თანაბარი – 59:59 იყო. ბოლო წუთებში მასპინძლებმა მეტი მობილიზება გამოავლინეს
და გასამარჯვებლად სამყოფ ლიდერობას დაეპატრონნენ. ბოლო წამზე რევაზ როგავას სამქულიანმა
ოლიმპელთათვის ბრძოლაში დამარცხება დააფიქსირა – 84:87.
ბათუმელებს 28 ქულითა და 14 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა
ულიდერა, 18 ქულა იგორ კრივცოვმა, ხოლო ხოლო 14 ლეონიდ დტეპანიშინმა მიითვალა. „ოლიმპში“
25 ქულით საუკეთესო ჯერემი ბაინამი იყო, ხოლო რეზო როგავას ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-10 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ,
16 დეკემბერს, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.
 
მატჩისშემდგომი კომენტარები

ბათუმი – ოლიმპი 87:84

დავით უსტიაშვილი
(“ბათუმის” მთავარი მწვრთნელი): დაძაბული მატჩი იყო, ისევე როგორც
წლევანდელი ჩემპიონატის ყველა თამაში. თავიდან კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ თამაში
ქულა-ქულაში წარიმართა. საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა შეძლო მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.
 უკვე მომდევნო მატჩისთვის ვემზადებით, რომელიც
რუსთავთან გველოდება.

გია კაზანჯიანი
(„ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): კარგი თამაში იყო, რომელმაც სასიამოვნო
ატმოსფეროში ჩაიარა. როგორც ყოველთვის, გულშემატკივრებით სავსე იყო  ბათუმის დარბაზი. სამწუხაროდ, მარცხი განვიცადეთ.
გვქონდა ხარვეზები დაცვაში, თუმცა ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ამ წაგებას, როგორც მწვრთნელი,
მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ.

რუსთავი – ქუთაისი 71:63
მიხეილ ბერუაშვილი („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): წაგებების შემდეგ როგორც იქნა, გამარჯვებას მივაღწიეთ.
სასიხარულოა, რომ ლიდერობის დაკარგვის შემდეგ მოთამაშეები არ გატყდნენ და ბოლო პერიოდში
სამაგალითოდ იბრძოლეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება, რაც ჩვენს მოთამაშეებს
საკუთარი ძალების რწმენას გაუძლიერებს. ჩემპიონატის ლიდერს მოვუგეთ, რაც ნიშნავს, რომ
ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა შეგვიძლია. ახალ წლამდე რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მატჩი
გველის და ვეცდებით წარმატებული თამაში გავაგრძელოთ.

კოტე ტუღუში
(“ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი): გამიჭირდება კომენტარის გაკეთება.
ძალიან ცუდი მატჩი ჩავატარეთ, კარგად გამოჩნდა ჩვენი ხარვეზები. “რუსთავი” ბოლო წაგებებიდან
გამომდინარე დღეს ბევრად მონდომებული აღმოჩნდა და გაიმარჯვა  კიდეც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ წლევანდელი
ჩემპიონატი გამორჩეულად დაძაბულია და ყველა გუნდი ძლიერი მოწინააღმდეგეა.