სტატისტიკა გალერეასამშაბათს დაძაბულად დაწყებული სუპერლიგის მე-10 ტური
დღეს გაცილებით არათანაბარი მატჩებით დასრულდა. მას შემდეგ, რაც „სოხუმმა“ „აკადემიას“
19 ქულით მოუგო, ტურის ბოლო შეხვედრაში „დინამომ“ „მგზავრები“ 84:63 გაანადგურა.
დინამოელები წარმატებულ სვლას აგრძელებენ და განურჩვლად
ოპონენტისა, გამარჯვებას გამარჯვებაზე ითვლიან. ბათუმში და თბილისში „რუსთავთან“ მოგებული
მატჩების შემდეგ ირაკლი ოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა.
თანაც ყველა შეხვედრა ზედმეტი გართულების გარეშე მოიგო.
‘მგზავრებთან“ დღევანდელ მატჩში დინამოელებმა ინიციატივა
თავიდანვე ხელთ იპყრეს და პირველი მეოთხედის შემდეგ 20:14 იგებდნენ, დიდი შესვენებისთვის
კი უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდეს. წინა მატჩის დარად კვლავ შეუჩერებელი იყო გიორგი
შარაბიძე, რომელიც დისკვალიფიცირებული ილია ლონდარიძის არყოფნაში განსაკუთრებული შედეგიანობით
თამაშობს. წინა მატჩში შარაბიძემ 31 ქულით მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი გაიმეორა,
დღეს კი ამ შედეგამდე 2 ქულა დააკლდა.
დინამოელებს დაუბრუნდათ ნოდარ გოგოძე, რომელსაც ტრავმის
გამო გვარიანი დრო გაუცდა. დღევანდელ მატჩში გოგოძემ 12 ქულა მიითვალა და თავისი გუნდის
გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. შედეგიანი იყო დინამოელთა ამერიკელი ლეგიონერი
დანიელ უილიამსი, რომელმაც 13 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა.
სუპერლიგის მორიგი, მე-11 ტური დამდეგ შაბათს გაიმართება.
ამ ტურის გადმოტანილი შეხვედრა, „ქუთაისი“ – „სოხუმი“ 8 დეკემბერს სოხუმელთა გამარჯვებით
დასრულდა. დარჩენილ 3 შეხვედრას 19 დეკემბერს სპორტის ახალი სასახლე უმასპინძლებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი: „საბედნიეროდ, გრძელდება ჩვენი გუნდის წარმატებული სერია
და უკვე ვატყობ, რომ ბიჭები გადაიღალნენ. ახლა მთავარი ისაა, სტაბილურობა შევინარჩუნოთ.
მიუხედავად იოლი გამარჯვებებისა, სუპერლიგის გუნდები თანაბრად ძლიერნი არიან და
საჭიროა ძალების სწორი გადანაწილება, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. 4 დღეში 1 თამაში
ნორმალურია და მზად ვართ მომავალი ბრძოლებისთვის“.
ბუბა ბერიშვილი, „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი: „წინა მატჩში ჩვენს თამაშს, რომელიც
„ბათუმთან“ მოვიგეთ, კარგი არ ეთქმოდა, თუმცა დღეს საშინელება იყო. არ ვიცი რა მოხდა,
რის გამო ვერ მოახერხა გუნდმა ბრძოლისუნარიანობის ჩვენება. ვარჯიშზე სულ სხვა განწყობა
და სამზადისი იყო, თუმცა თამაშზე საპირისპირო შედეგი მივიღეს. ვეცდებით, გავაანალიზოთ
მომხდარი და ვითარების გამოსწორებაზე ვიმუშაოთ. „დინამოს“ ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას“.