მაიკლ დიქსონი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს. საქართველოს ნატურალიზებული მოქალაქე, რომელმაც ჩვენს ეროვნულ ნაკრებში 2 წელი, მათ შორის 2017 წლის ევრობასკეტზე ითამაშა, თბილისის “ტიტებს” გააძლიერებს.
მაიკლ დიქსონი საქართველოში ნოემბერში ჩამოვიდა და ქართული პასპორტი განაახლა, რის შემდეგაც ჩინეთში სურდა გამგზავრება და იქაურ საკალათბურთო ჩემპიონატში თამაში, თუმცა რიგი მიზეზების გამო მისი ტრანსფერი ვერ შედგა და ამერიკელმა უკანახაზელმა “ტიტებთან” გააფორმა კონტრაქტი.
“დიქსონი ჩვენთან ვარჯიშობს. ის ჯერ არაა სათანადო სპორტულ ფორმაში, თუმცა მის შესაძლებლობები ყველამ კარგად ვიცით და მჯერა, რომ მაიკი შეძლებს ჩვენი გუნდის დახმარებას. გათავისუფლების ფურცელს ველოდებოდით, რომელიც უკვე მოსულია და თუკი ის მზად იქნება, შემდეგ ტურში ითამაშებს” – განაცხადა “ტიტების” მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოს ნაკრებში დიქსონის ყოფილმა თანაგუნდელმა, მანუჩარ მარკოიშვილმა.
“ტიტებს” სუპერლიგის მომდევნო მატჩი 7 დეკემბერს, 14:00 საათზე, თსუ-სთან ელის.