სუპერლიგის დარჩენილი 2 შეხვედრა დღეს რეგიონებში იმართება. პირველი მატჩი უკვე დასრულდა, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა. იმერულ დერბიში ტყიბულის “ორბმა” საკუთარ მოედანზე 100:94 (სტატისტიკა) დაამარცხა ზესტაფონის “მარგვეთი” და სუპერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა.
დებიუტანტი “ორბისთვის” ეს გახლდათ სუპერლიგის მეორე მატჩი. პირველი შეხვედრა ტყიბულელებმა თბილისში, დამატებით დროში გაუ-სთან წააგეს, დღეს კი ისევ ოვერტაიმი დაინიშნა, რომელშიც ამჯერად “ორბი” გამოვიდა გამარჯვებული. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა ტყიბულის სავსე დარბაზის გასახარად დამატებით დროში მოახერხა ზესტაფონელების გატეხა და სუპერლიგაში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად მასპინძლები დაწინაურდნენ. ორბმა პირველი პერიოდი მასპინძლებმა 29:23 მოიგეს, მეორეში კი მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდეს და ყველაზე დიდი ლიდერობა დიდი შესვენებისთვის დაფიქსირდა – 52:42.
მესამე პერიოდი ზესტაფონელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა მარგვეთმა აღნიშნული პერიოდის საწყისი 7 წუთი 24:0 9(!) მოიგო და 66:62 დაწინაურდა. მთლიანობაში მე-3 ათწუთეული ზესტაფონელებმა 31:14 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 6 ქულით დაწინაურდნენ – 73:66.
ასეთი უიმედო ათწუთეულის შემდეგ მასპინძლებმა მოახერხეს რეაბილიტირება და ჩამორჩენა გააბათილეს. თამაშის ძირითად დრო ფრედ – 86:86 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ხუთწუთეული დაინიშნა. კენი კუპერის დიდებული თამაშის წყალობით ორბმა ოვერტაიმში მეტოქეს აჯობა და საბოლოოდ გამარჯვებამდეც მივიდა. ოვერტაიმში ჩაგდებული 14 ქულიდან 12 კუპერის ანგარიშზეა, 2 კი ჯონ ნეიგლიმ მიითვალა.
საბოლოოდ კუპერი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რომელმაც 37 ქულა, 11 პასი, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. 28 ქულა დ 9 მოხსნა მეორე ლეგიონერის – ჯონ ნეიგლის ანგარიშზეა. 8-8 ქულა ლევან ლოლიშვილმა და სოსო გოგნაძემ მიითვალეს. მარგვეთში 35 ქულა ჰქონდა მაიკლ მეისს. ლუკა ზაქრაძემ ზესტაფონელებს 16 ქულა და 6 პასი შესძინა.
მე-2 ტურის შემდეგ ორივე გუნდს – ორბს და მარგვეთს თითო მოგებ-წაგება აქვთ.