სტატისტიკა გალერეასუპერლიგის მე-9 ტური საინტერესო მატჩით დასრულდა. სპორტის
ახალ სასახლეში დღეს გამართულ მეოთხე მატჩში ერთმანეთს „მგზავრები“ და „კაკტუსი“ შეხვდნენ.
საინტერესო დაპირისპირების ბედი ბოლო წუთებზე გაირკვა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა
„კაკტუსმა“, რომელიც მიმდინარე სუპერლიგის დებიუტანტია, სეზონის მეოთხე გამარჯვება
მოიპოვა.
არადა, თამაში „მგზავრების“ უპირატესობით დაიწყო და
პირველი პერიოდის 19:12 მოგების შემდეგ, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი მეორე მეოთხდში
12 ქულით – 28:16 დაწინაურდა. „კაკტუსის“ მოთამაშეებმა „მგზავრებს“ სწრაფი თამაში დაუპირისპირეს,
ხოლო ფარქვეშ პერიოდულად პოზიციას ტანმაღალი ჯონ ფლოვიესი ამაგრებდა. არჩილ ჟღენტის
გუნდმა ანგარიშის გათანაბრება პირველსავე ტაიმში მოახერხა – 35:35.
გარდატეხა მესამე პერიოდის შუაში მოხდა, როცა „მგზავრების“
ტანმაღალი მოთამაშეები პერსონალური ჯარიმებით დაიტვირთნენ, ხოლო პერიმეტრზე კაკტუსელებს
შრომა სროლებმა გაუმართლა. მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ახალგაზრდა დავით ლომიძემ ბოლო
პერიოდში 4, ხოლო მთლიანობაში 6 სამქულიანი ჩააგდო და „მგზავრების“ ყველა მცდელობა,
თამაში გადაერჩინათ, აღკვეთა. აღსანიშნავია პერიმეტრზე ლომიძის თანამებრძოლთა გონივრული
გარჯა – ტაილერ უაიტი, ვატო ბააკაშვილი და ბექა ჩიკვილაძე ტოლს არ უდებდნენ მეტოქის
ფეხმარდ ამერიკელ ლეგიონერებს და „კაკტუსმა“ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა –
87:82.
„კაკტუსს“ 30 ქულით დავით ლომიძემ ულიდერა. ჯონ ფლოვიესი,
რომელიც ბოლო ერიოდში 5 პერსონალურის გამო მოედნიდან გავარდა, 18 ქულითა და 17 მოხსნით
გამოირჩა. ბექა ჩიკვილაძემ 13 ქულა მოაგროვა, ბააკაშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა.
მგზავრებში 20 ქულა ჰქონდა ბრენდონ პიტერსს, 17 ქულა და 10 მოხსნა დერნელ დეილორმა
მოგროვა, ხოლო ბექა წივწივაძემ, რომელიც დღეს იუბილარი გახლდათ, 13 ქულას უწია.
მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):
„თამაში თავიდან ცუდად დავიწყეთ, თუმცა მეორე ნახევარში
მთლიანად გამოვასწორეთ და მოგება ფაქტობრივად გავინაღდეთ. ამან ბიჭები მოადუნა და მეტოქეს
საშუალება მივეცით, შეხვედრა შემოეტრიალებინათ, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ ბიჭების.
ირაკლი ჩლაიძე, რომელსაც ტრავმა აწუხებდა და ბოლო დღეებია, არ უვარჯიშია, პირდაპირ
თამაშზე მოვიდა, ხოლო ამერიკელი ტერიკ ბრიჯმენი, ჯერაც ვერ მომჯობინდა“.
ბუბა ბერიშვილი (მგზავრების მთავარი მწვრთნელი):
დაცვაში ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა, შესაბამისად შეტევაშიც. ბევრი შემთხვევა ვერ გამოვიყენედ ჩვენდა სასარგებლოდ. წინა თამაშზე ამავე გუნდთან უკეთესი შედეგი გვქონდა, რადგან იქ შევძელით უფრო გამიზნულად გვეთამაშა. არ გვყავდა რეჯი მერფი, რომელიც ერთერთი წამყვანი მოთამაშეა და ამანაც განაპირობა თავის მხრივ ჩვენი დამარცხება. კაკტუსს კი ვულოცავ გამარჯვებას.