18-წლამდელთა შორის თბილისის საუკეთესო გუნდის ტიტული „ჰიუნდაიმ“ მოიპოვა. ნიკოლოზ და ირაკლი ჩერქეზიშვილების გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში „აკადემიას“ 76:66 მოუგო და დედაქალაქის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
სატიტულო მატჩი დაძაბული არ ყოფილა. „ჰიუნდაიმ“ პირველი პერიოდი 27:16 მოუგო „აკადემიას“, ხოლო დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა. მეორე ნახევარში „აკადემია“ ეცადა, მაგრამ მაქსიმუმი, რაც შეძლო, ჩამორჩენის 5 7 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ ჰიუნდაელებმა 10 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს და თბილისის ჩემპიონები გახდნენ.
გამარჯვებულებს 22 ქულით აკაკი ფიფიამ ულიდერა. 19 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა ლევან თავხელიძემ, ხოლო გივი გოგიტაშვილმა შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი – 15 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. „აკადემიაში“ 18 ქულით ბომბარდირი გახდა ოთარ პერტაია, 13 ქულა გიორგი კვაჭანტირაძის ანგარიშზე დაგროვდა.
მე-3 ადგილისთვის მატჩში დაძაბული ბრძოლა გაიმართა „ზაზას“ და „არმიას“ შორის. არმიელები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებას ზაზა ფაჩულიას აკადემიის წევრებმა მიაღწიეს. 69:68 – ასეთი იყი საბოლოო ანგარიში. 25 ქულითა და 13 მოხსნით გამარჯვებულებს ლუკა კალატოზიშვილმა ულიდერა, ხოლო 14 ქულა ლადო ალავიძის ანგარიშზეა.
მესამე ადგილზე გასული „ზაზას“ წევრები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა – ლევან წულაიამ და მამუკა ლომიძემ დააჯილდოვეს. მათ გადასცეს ვერცხლისა და ოქროს მედლები აევე ფინალის მონაწილეებს – „აკადემიას“ და „ჰიუნდაის“.
ტურნირზე დაწესებული იყო მაყურებელთა სიმპათიის პრიზი, რომელიც „ზაზას“ გუნდის წევრ ლუკა მაზიაშვილს მამუკა ლომიძემ გადასცა. საუკეთესო მოთამაშის პრიზი „ჰიუნდაის“ ლიდერმა კოკა ფიფიამ დაიმსახურა, რომელიც გამარჯვებულს ლევან წულაიამ გადასცა.
ჩემპიონი გუნდის კაპიტან ბერდია ქავთარაძეს საჩემპიონო თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა – პაატა გურასპაულმა უსახსოვრა.