თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მე-12 ტურის მატჩი “მგზავრებს” დაძაბულ ბრძოლაში – 83:77 (სტატისტიკა) მოუგო და გუშინ დაკარგული სუპერლიგის ლიდერობა დაიბრუნა. უნივერსიტეტელებს ეროვნული ნაკრების კანდიდატმა, გიორგი კორსანტიამ ულიდერა, რომელიც გიორგი ტურძილაძისთან ერთად მოედნის ორივე მხარის ფარქვეშეთის ბატონ-პატრონი იყო. კორსანტიამ შეხვედრა 32 ქულითა და 18 მოხსნით დაასრულა – მისი შემჩერებელი “მგზავრებში” არავინ მოინახა.
რაკი ფარქვეშ ვერ შედიოდნენ, მგზავრების ძირითადი იარაღი სწრაფი შეტევები, უფრო კი შორი სროლები იყო. თავიდან ეს ტაქტიკა ამართლებდა და ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდიც ლიდერობდა. მგზავრებმა პირველი პერიოდი 33:23 მოიგეს, თუმცა თსუ-მ მეტოქის თამაშს ალღო აუღო, დაცვა გაამაგრა და ჩამორჩენის გაბათილებას შეუდგა. კორსანტიასა და ტურძილაძის შედეგიანობით უნივერსიტეტელებმა ანგარიში დიდი შესვენებისთვის გააბათილეს – 45:45.
მეორე ნახევარში თამაში თსუ-ელთა უპირატესობით გაგრძელდა. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი უნივერსიტეტელები მცირე ლიდერობას ინარჩუნებდნენ, თუმცა მგზავრები იბრძოდნენ და ბოლო წუთებზე ანგარიშიც გაათანაბრეს. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მგზავრებს პერსონალურების ლიმიტის გამო მეფარე ტაჯ სპენსერი გაუვარდათ და კორსანტია-ტურძილაძის ტანდემს ფარქვეშ წინაღობა ფაქტობრივად მოეხსნა. მატჩის ბოლოს სწორედ კორსანტიამ ჩააგდო გადამწყვეტი ბურთები და თსუ-ს გამარჯვება გაუნაღდა.
თსუ-ს შემადგენლობაში კორსანტიას შემდეგ 21 ქულით ტურძილაძე გამოირჩა, 8 ქულა მოაგროვა დევიდ მაკფარლანდმა, ჯორჯე მილოსავლევიჩის ანგარიშზე კი 7 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა დაგროვდა. მგზავრებში 20 ქულითა და 20 მოხსნით საუკეთესო იყო ტაჯ სპენსერი, ლოველ ქაბბილის ანგარიშზე კი 20 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგის მე-12 ტურის დარჩენილი 2 მატჩი კვირას, 9 თებერვალს – ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება.