გადათამაშებულ მატჩში სოხუმმა გაიმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

გადათამაშებულ მატჩში სოხუმმა გაიმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

„სოხუმმა“ თბილისის
„დინამო“ ხელმეორედაც დაამარცხა. დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 27 მარტს

მაგიდის მსაჯების შეცდომის გამო გადათამაშებული მატჩი გაიმართა. ის შეხვედრა „სოხუმმა“ 1 ქულით მოიგო,
თუმცა ვიდეო-ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ დინამოელებს 1 ქულა აკლდათ და გადათამაშებაც
ამიტომ დაინიშნა.

სოხუმელებმა დიდი
მობილიზებით ჩაატარეს დღევანდელი მატჩი და სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ამჯერად
12 ქულის სხვაობით – 74:62 დაამარცხეს. არადა, ამ მატჩის შედეგი გუნდებისთვის სატურნირო
თვალსაზრისით არაფერს ცვლიდა. სოხუმელები უფრო პრინციპულად მიუდგნენ აღნიშნულ შეხვედრას
და დამაჯერებელი თამაშით დაამტკიცეს, რომ გამარჯვებას იმსახურებდნენ.

სოხუმელებმა თავიდანვე
მოიპოვეს უპირატესობა და მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობა ხელიდან არ გაუშვიათ.
შესანიშნავად ირჯებოდნენ სოხუმელთა როგორც უკანახაზელები, ისე მეფარეები. ბოშკო სტოიაკოვიჩის
ორგანიზებით ვაჟა კვარაცხელიას გუნდი შედეგიანად უტევდა.სოხუმელთა ტანმაღალი ცენტრი
სერგო ათუაშვილი ფარქვეშაც სარგებლიანი იყო და 2 სამქულიანიც მიითვალა.

მესამე მეოთხედში
ზღვისპირელებმა 18-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რასაც დინამოელთა გამოფხიზლება მოჰყვა.
ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ბოლო მეოთხედის ახალდაწყებულზე ანგარიშის გათანაბრება
(53:53) მოახერხა. მიუხედავად ამისა, სოხუმელები მაინც არ გატყდნენ. შეცვლაზე შემოსულმა
19 წლის კარლის მუიჟნიექსმა შესანიშნავად გაართვა თავი თანაგუნდელთა პასებით მომარაგებას
და უმნიშვნელოვანესი სამქულიანიც ჩააგდო. სერბმა ბოშკო სტოიაკოვიჩმაც გაისწორა შორი
სამიზნე, რის შემდეგაც „დინამო“ წასაგებად გაიწირა. საბოლოოდ, კვარაცხელიას გუნდმა
74:62 მოიგო და აკადემიის დარბაზი თავაწეულმა დატოვა.

გამარჯვებულებს
20 ქულით ათუაშვილმა ულიდერა, ხოლო სტოიაკოვიჩის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა. ორმაგი
დუბლი მიითვალა ვახტანგ ქადარიამ – 12 ქულა, 15 მოხსნა. დინამოელთაგან 13-13 ქულა დააგროვეს
ლამარ კარიმმა და მილან ოულიჩმა, ხოლო ჩიკვილაძემ შეხვედრა 10 ქულით, 7 მოხსნითა და
6 პასით დაასრულა.

რეგულარული ჩემპიონატის
ბოლო, 22-ე ტური 12 და 13 აპრილს გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ვაჟა კვარაცხელია(სოხუმი): ძალიან კმაყოფილი
და ნასიამოვნები ვარ დღევანდელი შეხვედრით, რომელშიც კალათბურთმა გაიმარჯვა.ბევრი სკეპტიკურად
უყურებდა გადათამაშებულ მატჩს,  მაგრამ ვფიქრობ
ეს აუცილებელი იყო, რათა დაგვემტკიცებინა ჩვენი გუნდის სიძლიერე. რაც შეეხება ირაკლი
ჩლაიძეს, ჯერჯერობით თამაში უჭირს, თუმცა პლეიოფებისთვის სათანადო ფორმაში იქნება.

ირაკლი ხოშტარია(დინამო): გადადებული  შეხვედრა იყო და გარკვეული ფსიქოლოგიური მომენტი
გვქონდა. ამასთან, მოგებული თამაშების შემდეგ ზედმეტად თავდაჯერებულნი ვიყავით. სამწუხაროა
რომ წაუგებელი სერიის  შემდეგ მარცხი განვიცადეთ.
ძალიან  ბევრი ხარვეზი გვქონდა, განსაკუთრებით
პირველ და მეორე მეოთხედებში. თუმცა პლეიოფებისთვის ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იქნება.
 გამოცდილი მოთამაშეები გვყავს, რომლებთანაც
ხვალ გვექნება საუბარი, გავარჩევთ თამაშს და სწორ ანალიზს გავაკეთებთ.

სოხუმი – დინამო  74:62