საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელთა ლიდერობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ქუთაისში მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მა იმერეთის მთავარ ქალაქში შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. მიხეილ ბერიშვილს სამქულიანების იშტა ეროვნული ნაკრებიდან გამოჰყვა და ქუთაისელებს 8 შორი სროლა ჩაუგდო, ნაკრების ძირითადმა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ კი არაფერი დაიკლო – 24 ქულა, 7 პასი, 6 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა და თსუ-ს 98:83 (სტატისტიკა) გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
არანაკლებ სარგებლიანი იყო ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი – ბექა ბექაური, რომელმაც 17 ქულა, 10 მოხსნა და 7 დაფარება მიითვალა. ბექაურს სამმაგ დუბლამდე 3 დაფარება დააკლდა. ნაკრების ტრიომ დიდებული მატჩი ჩაატარა და სუპერლიგის შარშანდელ გამარჯვებულ ქუთაისს საკუთარ ქალაქში წარმატების შანსი არ დაუტოვა.
შეხვედრა თსუ-ს შტურმით დაიწყო და მე-7 წუთისთვის ლაფანაშვილის გუნდი 26:6 იგებდა. პერიოდი უნივერსიტეტელებმა 34:17 მოიგეს და ამის შემდეგ თსუ-ის გამარჯვებას საფრთხე აღარ დამუქრებია. დავუბრუნდეთ მიხეილ ბერიშვილს, რომელმაც 8 სამიანისა და 26 ქულის გარდა 12 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. თსუ გაუჩერებელი იყო და ქუთაისში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
2 მოგებითა და 2 მარცხით უნივერსიტეტელები ცხრილში მე-4 ადგილზე არიან, ქუთაისი კი თითო მოგებ-წაგებით ბოლოსწინა, მე-10 პოზიციაზე იმყოფება. სუპერლიგის მე-4 ტურის დარჩენილი 2 მატჩი 20 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.