ეროვნული ნაკრების გაფართოვებული შემადგენლობა და მოსამზადებელი გეგმა ცნობილია

ეროვნული ნაკრების გაფართოვებული შემადგენლობა და მოსამზადებელი გეგმა ცნობილია

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გაფართოვებული შემადგენლობა გამოცხადდა. ჟურნალისტებს შეხვდნენ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები – კახა შენგელია და ვლადიმერ ბოისა, ნაკრების გენერალური მენეჯერი პაატა ლობჟანიძე და ეროვნული ნაკრების მწვრთნელები – დავით უსტიაშვილი და კოტე ტუღუში.
საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელმა შტაბმა ის კანდიდატები დაასახელა, რომელთაგან 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნზე საასპარეზო შემადგენლობას შეარჩევს. იგორ კოკოშკოვის და მისი ქართველი ასისტენტების მიერ 19 კალათბურთელი შეირჩა, რომელთა სრულ სიას ქვევით გაეცნობით.
პირველად გამოიძახეს ეროვნული გუნდის შეკრებაზე ირაკლი ჩლაიძე (24 წლის) და ბექა წივწივაძე (25 წლის). ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდნენ მიხეილ ბერიშვილი და აკაკი დვალიშვილი, რომლებიც ევროპირველობის გასულ ციკლში ნაკრებში არ გამოუძახიათ.
ნაკრებს უბრუნდება კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელმაც გასული ციკლი ფეხზე გადატანილი ოპერაციის გამო გამოტოვა. იმავე მიზეზით არ იყო ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე თორნიკე შენგელია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გააფორმა კონტრაქტი ესპანურ “ლაბორალთან” და ეროვნული გუნდის მწვრთნელებს მისი დიდად ეიმედებათ.

ვლადიმერ ბოისა (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი):ნაკრები შეკრებას 23 ივნისს დაიწყებს და 5 ივლისამდე თბილისში იქნება, შემდეგ კი  სლოვენიაში გაემგზავრება იქ, სადაც შარშან გაიარეს შეკრება. ნაკრები მონაწილეობას მიიღებს 2 ძალიან მაღალი დონის ტურნირში, ერთი მაკედონიაში, ერთიც -სლოვენიაში. ამის შემდეგ ბიჭები 2 შეხვედრას გამართავენ ლიტვის ნაკრებთან, ბოლო ტურნირს კი აგვისტოში თბილისი უმასპინძლებს. სულ ნაკრები 11 თამაშს ჩაატარებს, შევხვდებით ძალიან კარგ გუნდებს და ბიჭებს ყველანაირი პირობა აქვთ იმისთვის, რომ კარგად მოემზადნონ და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
კახა შენგელია (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი):გაფართოებულ შემადგენლობაში წელსაც არიან ახალგაზრდები, მინდა ყველას წარმატება და მათი ჩანაფიქრებისა და მიზნების მიღწევა ვუსურვო. შანსი ყველას მიეცემა. მთავარია, ბიჭები უტრავმოდ შეხვდნენ ჩემპიონატს. რაც შეეხება მოსამზადებელ ეტაპს, კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა სათანადო შეკრების ორგანიზებისთვის, ვფიქრობ, ძალიან კარგად არის დაგეგმილი როგორც შეკრების ხაზი, ასევე ტურნირები და დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს.

დავით უსტიაშვილი (ეროვნული ნაკრების მწვრთნელი): იგორ კოკოშკოვთან ერთად ამ 19 მოთამაშეზე შევთანხმდით. ნაკრებში პირველად მოხვდნენ  ირაკლი ჩლაიძე და ბექა  წივწივაძე, დაბრუნდნენ აკაკი დვალივილი და მიხეილ ბერიშვილი, მათ გარდა კიდევ ბევრი ახალგაზრდაა გამოძახებული და თუ  როგორ გამოიჩენენ თავს,  ეს უკვე მოსამზადებელ  ეტაპზე გამოჩნდება, რომელიც ძალიან კარგად დაიგეგმა. მთავარია ტრავმებმა არ შეუშალონ ხელი და ყველაფერი კარგად იქნება.

პაატა ლობჟანიძე (ეროვნული ნაკრების გენერალური მენეჯერი):  გაცხადდა ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა და გაფართოებული შემადგენლობა. ნაკრები ოფიციალურ მატჩებამდე 11 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს  და ვფიქრობ, მოსამზადებელი ეტაპი საკმაოდ კარგადაა დაგეგმილი. იმედია, ბიჭები ჯანმრთელად იქნებიან, მალე შეუერთდებიან ნაკრებს, წარმატებით დაასრულებენ  ამხანაგურ მატჩებს და სრულ მზადყოფნაში შევხვდებით ოფიციალურ შეხვედრებს.
 

 

ეროვნული ნაკრები 23 ივლისს თბილისში შეიკრიბება და შესარჩევი ეტაპისთვის სამზადისს ფიზიმომზადებით დაიწყებს. გთავაზობთ ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის გეგმას:

2-4 ივლისი                               ოთხთა ტურნირი თბილისში. მონაწილეობენ: ბელარუსი, 
                                                  მოლდოვა,
საქართველო, დიდი ბრიტანეთი

 
ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
10 აგვისტო, თბილისი
საქართველო – ჩეხეთი
13 აგვისტო, კეჩკემეტი
უნგრეთი – საქართველო
17 აგვისტო, ოვარი
პორტუგალია – საქართველო
20 აგვისტო, ნიმბრუკი
ჩეხეთი – საქარეთველო
24 აგვისტო, თბილისი
საქართველო – უნგრეთი
27 აგვისტო, თბილისი
საქართველო – პორტუგალია
 

სამწვრთნელო შტაბი

იგორ კოკოშკოვი

მთავარი მწვრთნელი

ჯეისონ სტოდტი

მწრთნელის ასისტენტი

დავით უსტიაშვილი

მწრთნელის ასისტენტი

კოტე ტუღუში

მწრთნელის ასისტენტი

ალექანდრ ჩვოროვიჩი

ფიზმომზადება

ავთო ბერიძე

ფიზმომზადება

თემურ ხვედელიძე

ექიმი

თემურ ყიფშიძე

ექიმი

ზაქრო ჯვარიძე

ექიმი

ზურა სულეიმანაშვილი

ექიმი

პაატა ლობჟანიძე

გენერალური მენეჯერი

გივი სანაძე

მენეჯერი