დინამოსა და ოლიმპის იოლი გამარჯვებები (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

გალერეაVIDEO

საკალათბურთო სუპერლიგის მე-2 ტური დასრულდა. გუშინ
ბათუმსა და რუსთავში გამართული მატჩების შემდეგ დარჩენილ 2 შეხვედრას დღეს სპორტკომპლექსმა
„არენამ“ უმასპინძლა. სეზონის პირველ გამარჯვებას მიაღწია „ოლიმპმა“, ხოლო მოქმედმა
ჩემპიონმა „დინამომ“ „მგზვრები-არმია“ იოლად დაამარცხა.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა „ოლიმპმა“ 22 ოქტომბერს,
დუდუ დადიანის მემორიალის დასკვნით მატჩში „სოხუმთან“ წააგო. ეს გუნდები არ არიან მიმდინარე
სუპერლიგის ფავორიტთა შორის და მოგებებს ერთმანეთთან შეხვედრებში გეგმავენ. ამიტომაც
მათ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – ორივე გუნდი მოგებას ეშურებოდა, მაგრამ გამარჯვება
საბოლოოდ გაცილებით გამართულად მოთამაშე „ოლიმპს“ დარჩა.

„სოხუმმა“ მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში
გაუწია. დიდი შესვენების შემდეგ „ოლიმპმა“ საბოლოოდ დაალაგა თამაში დაცვაში და შეტევაშიც
გზა გაეხსნა. პირველი ტაიმის შემდეგ მოპოვებული 13-ქულიანი ლიდერობა ოლიმპელებმა მესამე
პერიოდის შემდეგ 19-ამდე გაზარდეს და მატჩის ბედიც გაარკვიეს.

გამარჯვებულთაგან 18 ქულით ლერი კვანტალიანი გამოირჩა.
17 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა ირაკლი ალხანაიძემ, ხოლო ფეხმარდი ნუგზარ აბულაძის აგნარიშზე
12 ქულა და 4 პასი დაგროვდა.

მეორე შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა. „დინამომ“ პირველი
ტაიმი 46:19 მოუგო „მგზავრები-არმიას“ და მეორეში ძალები დაზოგა. ირაკლი ხოშტარიას
გაწვრთნილმა გუნდმა საბოლოოდ 28 ქულით – 89:61 მოიგო და გათამაშების ცხრილს სათავეში
ჩაუდგა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
სოხუმი-ოლიმპი  75:98
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ ,,ოლიმპს’’ გამარჯვებას, წინასწარ ვთქვი, რომ თანაბარი შანსები გვქონდა.
,,ოლიმპი’’ საკუთარ მოედანზე თამაშობდა, თანაც ახალგაზრდული, სწრაფი გუნდია, შეკრული
კოლექტივია, მოტივაცია მეტი აქვთ და  ნამდვილად
კარგად ითამაშეს. რაც შეგვეხება ჩვენ, მსაჯობას არ დავაბრალებ წაგებას, მაგრამ უნდა
აღვნიშნო, რომ საშინელი მსაჯობა იყო. ეს თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ ვართ სათანადო
ფორმაში, გვიან დავიწყეთ ვარჯიშები, ახალი მოთამაშეები გვყავს და ბევრი გვაქვს სამუშაო.
ვეცდებით, გამოვასწოროთ ხარვეზები და მომავალი კვირისთვის მოვემზადოთ.
გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, ვულოცავ ჩემს გუნდს პირველ გამარჯვებას, სამი ოფიციალური შეხვედრა გვქონდა,
კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით ,,რუსთავის’’ და ,,ქუთაისის’’ წინააღმდეგ, თუმცა,
გამარჯვებამდე ვერ მივდიოდით. ეს მოგება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან დაგვეხმარება,
ბიჭებს სჭირდებათ იმის რწმენა, რომ შეუძლიათ სუპერლიგის ძლიერი გუნდების დამარცხება.
ხარვეზები გვქონდა, განსაკუთრებით ზონურ დაცვაში, ამიტომ მოვეზადებით შემდეგი თამაშისთვის.

კახა ტომარაძე(,,ოლიმპი’’): ახალგაზრდული
გუნდი ვართ და ჩვენი მთავარი კოზირი სწრაფი თამაშია. დღეს ეს პლიუსი გამოვიყენეთ და
დამსახურებულად გავიმარჯვეთ. 

„დინამოში“ 22 ქულითა და 6 პასით საუკეთესო ლაშა გამყრელიძე
იყო, 18 ქულა დააგროვა ბესო ლეჟავამ,  ხოლო
ილია ლონდარიძის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.თავი გამოიჩინა დინამოელთა ახალგაზრდა
ფორვარდმა გიორგი ორმოცაძემ, რომელმაც თავი 12 ქულას მოუყარა.
დამარცხებულთაგან 12-12 ქულა-მოხსნით საუკეთესო შედეგი რეზო ათანელიშვილმა აჩვენა,
გუნდის ბომბარდირი კი 15 ქულით მერაბ ბოქოლიშვილი გახდა.

სუპერლიგის მე-3 ტური 7 და 8 ნოემბერს გაიმართება. რეგიონის
მატჩს 7 ნოემბერს „ქუთაისი“ უმასპინძლებს, სადაც სათამაშოდ „რუსთავი“ ჩავა.

დინამო-მგზავრები-არმია   89:61 
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): შედეგი
მისაღებია. მოვიგეთ მეორე მატჩი, თუმცა სათამაშო მომენტები დასახვეწი გვაქვს და უნდა
ვიმუშაოთ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბოლო პერიოდი წავაგეთ და ეს არ უნდა ხდებოდეს,
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ქულით იგებ. შევეცდებით შემდეგ თამაშს უფრო მომზადებულები
შევხდეთ.
ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ
რიგში მინდა მივულოცო მოწინააღმდეგეს ღირსეული გამარჯვება, გამოცდილებამ თავისი კვალი
დატოვა. რაც შეგვეხება ჩვენ, ახალი გუნდი ვართ, შეთამაშება გვაკლია და არც შეკრება
გაგვივლია. ჯერ 3 კვირაა რაც ვვარჯიშობთ და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა.

ლუკა ზაქრაძე („მგზავრები-არმია“): ვულოცავ „დინამოს“
გამარჯვებას, როგორც მწვრთნელმა აღნიშნა ახალი გუნდი ვართ, ბევრი შეცდომა გვაქვს და
ბევრი ვარჯიში გვჭირდება, რათა მომავალ მატჩებზე მობილიზებულნი გავიდეთ.