სტატისტიკა გალერეასუპერლიგის მორიგ მატჩში ერთმანეთს ტურნირის ლიდერი
და აუტსაიდერი დაუპირისპირდნენ. წაგების არმქონე „დინამო“ ბოლო ადგილზე მყოფ „მგზავრებს’
შეხვდა და დამაჯერებელი გამარჯვებით ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.
„მგზვრებმა“ ახალი ლეგიონერი – დერნელ ტეილორი დაიმატა,
ხოლო რეჯინალდ მერფიმ ტრავმა მოიშუშა და დღევანდელ მატჩში ითამაშა, მაგრამ კარგად დაბალანსებულ
და გამართულად მოთამაშე „დინამოსთან“ ვერაფერს გახდა.
დაძაბულობა მხოლოდ სადებიუტო წუთებში ვიხილეთ, როცა
ორივე გუნდი ერთმანეთს ზვერავდა და პირველი პერიოდის მიწურულს დინამოელებმა ლიდერობის
მოპოვება შეძლეს – 19:11. დიდ შესვენებამდე ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ლიდერობას
მხოლოდ 2 ქულა წაამატა, თუმცა მესამე ათწუთეულიდან ყველაფერი გაირკვა. შორი სროლებითა
და სწრაფი გარღვევებით დინამოელებმა პერიოდი 24:10 მოიგეს, 23 ქულით გალიდერდნენ და
მატჩს აზრი დაუკარგეს.
ბოლო მეოთხედში ფავორიტმა კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა
და საბოლოოდ 27 ქულის სხვაობით – 80:53 გაიმარჯვა. 16 ქულით, 11 მოხსნითა და 8 პასით
„დინამოს“ მიხეილ ბერიშვილმა ულიდერა. 16 ქულა მიითვალა დეონტა ვონმაც, ხოლო ნოდარ
გოგოძემ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. „მგზავრებში“ 18 ქულით საუკეთესო იყო ბექა წივწივაძე,
რომელმაც 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. 14 ქულა და 11 მოხსნა ზაქარი რეინოლდსმა მიითვალა.
სუპერლიგის მე-4 ტური „სოხუმისა“ და „კაკტუსის“ დაპირისპირებით
დასრულდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ბუბა ბერიშვილი
(„მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): გუნდში კვლავ ტრავმიანობის პრობლემა გვაქვს, რაც
ბუნებრივია ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს გუნდზე. ახალი ლეგიონერი მხოლოდ ორი დღეა რაც შემოგვიერთდა
და ასეთ მოკლე დროში რთულია შეთამაშება. რაც შეეხება მერფის,
ის მოედანზე გამოვიდა, მაგრამ სრული დატვირთვით
ჯერ კიდევ უჭირს ასპარეზობა. ამ რთული სიტუაციიდან
მალე გამოვალთ და აუცილებლად გამოვასწორებთ ჩვენს
შეცდომებს.
ირაკლი ხოშტარია
(„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვეთ,
რაც ნამდვილად სასიხარულოა, თუმცა ვფიქრობ ჯერ ყველაფერი წინ არის და
შედეგი არამხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.
თამაშის დასაწყისში გვიჭირს, მეორე ნახევრიდან
კი უფრო მობილიზებულნი და კონცენტრირებულნი ვართ, ამიტომ ბევრი მუშაობა გვჭირდება იმისთვის,
რომ დასაწყისშივე მყარად შევძლოთ ასპარეზობა. წინ გრძელი სეზონი გველის, სუპერლიგის
გუნდების რეალური შესაძლებლობები მეორე წრიდან უფრო ნათლად გამოიკვეთება.
სრული გალერეა