დინამომ სოხუმს მოუგო და პლეი ოფის საგზური მოიპოვა

დინამომ სოხუმს მოუგო და პლეი ოფის საგზური მოიპოვა

 სტატისტიკა
 გალერეა 2 მატჩით გაიხსნა დღეს სუპერლიგის 26-ე ტური. რეგულარული
ჩემპიონატის დასრულების მოახლოებასთან ერთად თითოეულ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ამის შემდეგ კიდევ 2 ტური გაიმართება, რის შემდეგაც საუკეთესო ოთხეული ჩემპიონობისთვის
ბრძოლას ნახევარფინალიდან გააგრძელებს, ხოლო ქვედა ოთხეული სუპერლიგაში დასარჩენად
იბრძოლებენ.

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში გამართული პირველი
მატჩი სატურნირე თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო. გამარჯვებული ფაქტობრივად ინაღდებდა
ოთხეულის საგზურს. დინამოელები მატჩამდე ქულით უსწრებდნენ „სოხუმს“ და გამარჯვების
შემთხვევაში სხვაობას კიდევ უფრო ზრდიდნენ, რაც პლეი ოფში გასვლის გარანტია გახლდათ.

დინამოელებმა რთულად, მაგრამ მაინც მოახერხეს გამარჯვების
მოპოვება, რაც მეტწილად მათი სერბი ლეგიონერის – მაქსიმ კოვაჩევიჩის დამსახურება გახლავთ.
ბალკანელმა მსუბუქმა ფორვარდმა მიითვალა დინამოელთა საწყისი 12 ქულა ამ მატჩში, ხოლო
შეხვედრა 26 ქულით დაასრულა.

საწყისი ჩავარდნის შემდეგ დინამოელებმა თამაში გამოასწორეს
და პირველი პერიოდი სათავისოდ – 20:15 დაასრულეს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა
მეორე პერიოდში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი ლიდერობით
გავიდნენ – 41:30.

სოხუმელებმა ბოლო წუთებამდე ვერ მოახერხეს თამაშის გამოსწორება
და ამასობაში დინამოელთა ლიდერობამ 15 ქულას გადააჭარბა. ბოლო მეოთხედში ფილიპ მილერის
მიჯრით ჩაგდებული სამქულიანების შემდეგ ჩამორჩენა 2 ქულამდე შემცირდა – 57:59. დინამოელებმა
წუთშესვენება აიღეს, რის შემდეგაც თამაში ჩვეულ რიტმში გააგრძელეს – კოვაჩევიჩმა სამქულიანი
ჩააგდო, რამაც სოხუმელები წელში გატეხა და ბოლო წუთზე შეხვედრის ბედი გარიკვა –
67:62.

დინამოელთა ბომბარდირი სერბი კოვაჩევიჩი გახდა 26 ქულით,
ილია ლონდარიძის ანგარიშზე კი 13 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა. სოხუმელებში
23 ქულით საუკეთესო ფილიპ მილერი გახდა, 13 ქულა დააგროვა სერგო ათუაშვილი, გიორგი
ჯგერენაიამ კი თავი 8 ქულას და 15 მოხსნას მოუყარა.

მეორე მატჩში ერთმანეთს „ოლიმპი“ და „ქუთაისი“ შეხვდებიან.

მატჩისშემდგომი კომენატრები

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): ამ გამარჯვებით ოთხეულში თამაში გავინაღდეთ. ყველამ
კარგად იცის, როგორი მებრძოლი გუნდია „სოხუმი“ და ამ მატჩშიც ბოლომდე გაგვიწია წინააღმდეგობა.
ჩვენდა სასიხარულოდ, ბიჭებმა გადამწყვეტ წუთებში მობილიზება მოახერხეს და ძალიან საჭირო
გამარჯვებას მივაღწიეთ“.
ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): ჩვენი ბრალია თამაშის წაგება. დღეს „დინამომ“ ყველა კომპონენტში გვაჯობა და ამიტომაც წავაგეთ თამაში.