სტატისტიკა გალერეასუპერლიგის ფინალური სერია საკმაოდ საინტერესო და დაძაბული
მატჩით დაიწყო. რეგულარული ჩემპიონატის მომგებმა „დინამომ“ მოქმედი ჩემპიონი „ქუთაისი“
მეორე ტაიმში გატეხა, თუმცა საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად ბოლო წამებამდე ბრძოლა
მოუხდა და საწადელს მაინც მიაღწია – 81:74.
მატჩს ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი
მწვრთნელი ილიას ზუროსი, რომელიც საქართელოში სპეციალურად ნაკრების კანდიდატებზე დასაკვირვებლად
ჩამოვიდა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო, თუმცა ორივე გუნდი დაცვაზე უფრო იყო
ორიენტირებული და შესაბამისად, მოთამაშეები შეცდომებსაც ხშირად უშვებდნენ. თავდაპირველად
ქუთაისელებმა მოახერხეს მცირედით დაწინაურება, თუმცა დინამოელებმა სტუმართა თამაშს მალევე
დაუპირისპირეს სწორი ტაქტიკა და პირველი პერიოდის ბოლო ანგარიში გაათნაბრეს –
23:23.
მეორე მეოთხედში იგვე განმეორდა. იმერული კლუბი მცირედით
წინ გაიჭრა, რაც ძირითადად გიორგი ცინცაძის გამოზომილი პასებისა და სერბი ლეგიონერის
– დრაგან ტუბაკის ფარქვეშა აქტიურობით იყო განპირობებული. დინამოელებმა ტაიმის მიწურულს
მოახერხეს დაცვის ხარჯზე ქუთისელთა შეჩერება და პერიოდის ბოლოს ლევან ფაცაციას და ილია
ლონდარიძის გამოჩენილი შედეგიანობით დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
მესამე პერიოდი თანაბარი გამოდგა, თუმცა მასპინძლებმა
მცირე უპირატესობის 5 ქულამდე გაზრდა მოახერხეს და ბოლო პერიოდში მეტოქეს 10 ქულითაც
გაექცნენ. ქუთაისელებმა საქმის გამოსწორება შორი სროლებით განიზრახეს და აკაკი ლომოურმა
2 სამქულიანი ჩააგდო კიდეც, თუმცა „დინამომ“ არ დათმო – გუნდური თამაშის წყალობით გიორგი
ცინცაძის 2 სამქულიანს ეფექტი დაუკარგა და სასურველ შედეგამდე მივიდა.
გამარჯვებულებს 23 ქულითა და 6 მოხსნით ლევან ფაცაციამ
ულიდერა. 16 ქულა მიითვალა ილია ლონდარიძემ, მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა
და 9 მოხსნა დაგროვდა. „ქუთაისში“ 17 ქულით, 9 პასით და 7 მოხსნით ყველაზე შედეგიანი
იყო გიორგი ცინცაძე, 16 ქულა დააგროვა ბექა
ბექაურმა, ხოლო დრაგან ტუბაკის ანგარიშზე 11 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):
„რთული თამაში იყო ძალიან. რაც ფინალებს ახლავს, ზუსტად
ისე მოხდა, მაგრამ მთავარია, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ, არ დავნებდით და გამარჯვებაც მოვიპოვეთ.
ხვალ მეორე თამაშია, უნდა ვიბრძოლოთ, ბოლომდე არაფერი არ უნდა დავთმოთ“.
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი):
„როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული თამაში გამოვიდა. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, 19 საჯარიმო გვაქვს აცილებული. ფინალურ შეხვედრაში სადაც თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და 19 საჯარიმოს როდესაც ააცილებ, არც ხარ ღირსი მოგების, მითუმეტეს ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც დინამოა. გასვლითი მატჩი იყო და ცხადი იყო დინამო მსგავს შეცდომებს არ გვაპატიებდა. დავმარცხდით, თუმცა ბრძოლა გრძელდება – ხვალ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თამაში გველის წინ.“