ფიბა ევროპის თასზე „დინამო თბილისმა“ მეორე მატჩი გამართა და კვლავ დამარცხდა. თუკი პირველ ტურში, ბულგარეთში, „ლუკოილ აკადემიკთან“ თბილისელებს მოგების შანსი ჰქონდათ, 25 ოქტომბერს თბილისში რუმინულ „კლუჟ-ნაკოპასთან“ უშანსოდ წააგეს.
ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა პირველი პერიოდი 11:32 წააგეს, რის შემდეგაც ცხაადი გახდა, რომ ევროასპარეზზე დაბრუნებულ ქართულ გუნდს წარმატების იმედი არ უნდა ჰქონოდა. მეორე მეოთხედი რუმინულმა კლუბმა 23:15 მოიგო და დიდი შესვენებისთვის 29 ქულას იგებდა.
მეორე ნახევარში სტუმრებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას მიჰყვეს ხელი, რაც მშვენივრად გამოუვიდათ. „დინამოს“ კი მოწადინება იმით დაუფასდა, რომ მეორე ტაიმი მოიგო, თუმცა საბოლოო ანგარიშში დიდი შეღავათი არ იყო – „კლუჟმა“ 87:73 იმარჯვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. 4-გუნდიანი ჯგუფის მეორე მატჩში „ისთანბულმა“ „ლუკოილ აკადემიკი“ 81:69 დაამარცხა.
ფიბა ევროპის თასზე დინამოელები მომდევნო მატჩს კვლავ „კლუჟთან“, 15 ნოემბერს, რუმინეთში გამართავენ.
ირაკლი ხოშტარია (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “სამწუხაროდ, ამ დონის გუნდებთან მოსაგებად ჯერ მზად არ ვართ. ამასთან, ყველაფრის მიუხედავად, ნებისმიერ მეტოქესთან ვიბრძოლებთ. ასეთ დონეზე გამოსვლა სასიკეთოდ წაადგება ჩვენ სუპერლიგას და მთლიანად ჩვენ კალათბურთს”.
მიხაი სილვასანი (“კლუჟ ნაპოკას” მთავარი მწვრთნელი): “კარგად დავიწყეთ და მთელი შეხვედრის მსვლელობისას საბოლოო წარმატებაში ეჭვი წამითაც არ შემპარვია. მეორე ტაიმში ძალა დავზოგეთ, რადგან სამ დღეში საშინაო ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩი გველის”.
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო