„დინამომ“ „ოლიმპს“ 13 ქულით სძლია

„დინამომ“ „ოლიმპს“ 13 ქულით სძლია

სუპერლიგის მორიგი ტურის ორივე შეხვედრას დღეს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. მხოლოდ „კაკტუსი“ ისვენებს, დანარჩენი 8 გუნდი დღეს მორიგ მატჩებს გამართავენ.

პირველი შეხვედრა დასრულდა. ერთმანეთს ცხრილის ლიდერები – დაუმარცხებელი „დინამო თბილისი“ და 4 მატჩიდან მხოლოდ 1 წაგების მქონე „ოლიმპი“ შეხვდნენ. ლეონიდ ივატინის გაწვრთნილ ოლიმპელებს შანსი ჰქონდათ, გამარჯვების შემთხვევაში დაკარგული ქულებით დასწეოდნენ „დინამოს“, თუმცა კარგად დაბალანსებულ ევროსარბიელზე მოთამაშე ერთადერთ ქართულ გუნდთან ვერას გახდნენ.

ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა პირველი და მეორე პერიოდი თანაბარი ანგარიშით – 19:15 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 8 ქულით დაწინაურდნენ. მესამე პერიოდში დინამოელთა ლიდერობამ 10 ქულას გადააბიჯა და სხვაობას სტაბილურად ინარჩუნებდა. „ოლიმპის“ მოთამაშეები ცუდად არ ირჯებოდნენ, თუმცა ბევრად გამოცდილი „დინამო“ მეტოქეს მიახლოვების შანსს არ აძლევდა და ასე გაილია მეორე ტაიმიც. ანგარიშში სხვაობა ერთხელ, ისიც მცირე ხნით ჩამოსცდა 10 ქულას.

საბოლოოდ დინამოელებმა 72:59 მოიგეს და 4-დან 4 გამარჯვებით სუპერლიგას ლიდერობენ. 13 ქულით გამარჯვებულებს კაილ ტურპინმა ულიდერა. 11 ქულა და 12 მოხსნა ნიკოლა გაჩეშამ მიითვალა, 11 ქულა დაგროვდა ლევან გრძელიძის ანგარიშზეც. „ოლიმპში“ და სრულიად მატჩში საუკეთესო შედეგი ოლიმპელმა მარკ ოგდენმა დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა. 12 ქულა მიითვალა მიხეილ ჭოჭუამ, ხოლო რევაზ როგავას ანგარიშზე 10 მოხსნა, 9 პასი და 5 ქულა დაგროვდა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

„ის რომ „ოლიმპი“ კარგი გუნდია, ორი აზრი არ არსებობს. როგორც გამოჩნდა, ის ეტაპი, რასაც ჰქვია ერთდროულად ევროსარბიელზე და სუპერლიგაში თამაში, ჩვენთვის რთულია. ანუ ვერ ვასწრებთ აღდგენას, ამიტომაც გვაქვს პრობლემები. სხვა გზა არ არის, უნდა შევეცადოთ, რომ თამაშიდან თამაშამდე მოვახერხოთ აღდგენა და მოვემზადოთ შემდგომი თამაშისთვის“.

ლეონიდ ივატინი, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი:

„ზოგადად, „დინამოსგან“ მიღებული 72 ქულა, არაა ცუდი შედეგი, მაგრამ როცა 26-დან 4 სამქულიანს ჩააგდებ, თამაშს ვერ მოიგებ. საერთოდ, ძალიან გასაკვირია, როგორ მოხდა, რომ დინამოელებმა 17 საჯარიმო ესროლეს და ჩვენმა, ახალგაზდა კალათბურთლებმა მხოლოდ – 5. ეს ჩემთვის გამოცანად რჩება. წავაგეთ იმიტომ, რომ ვერ ჩავაგდეთ ბევრი თავისუფალი სროლები“.