სტატისტიკა
გალერეა სუპერლიგის მე-17 ტურის მორიგ მატჩში ბრძოლა არ შედგა.
თბილისური გუნდების მატჩში „დინამომ“ „მგზავრებს“ იოლად სძლია. მაყურებელმა მხოლოდ
პირველ მეთხედში იხილა ბრძოლა, რის შემდეგაც დინამოელები დაწინაურდნენ და ხელჩასაჭიდი
უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.
არადა, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა „მგზავრებმა“ პირველი
პერიოდი 17:14 მოიგეს და მაყურებელიც საინტერესო ბრძოლის მოლოდინში იყო, თუმცა მეორე
ათწუთეულში დინამოელებმა თამაში დაალაგეს და სოლიდურ უპირატესობას დაეპატრონნენ. მეორე
პერიოდის 24:9 მოგებით ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი „დინამო“ დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი
ლიდერობით გავიდა და მას შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ მიუშვიათ.
„დინამომ“ საბოლოოდ 86:63 იმარჯვა და ცხრილის სათავეში
„ბათუმს“ გაუთანაბრდა. დინამოელთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო ნოდარ გოგოძე, 17 ქულა
მოაგროვა ჯუეველ მაილსმა, ხოლო 14 – გიორგი შარაბიძემ. „მგზავრებში“ 23 ქულით ავთო
ლომინაშვილი გამოირჩა.
მე-17 ტურის ბოლო შეხვედრა „სოხუმსა“ და „აკადემიას“
შორის გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია, („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან კარგი გუნდია, ამიტომ ჩვენი დიდი ხანი ვემზადებოდით ამ თამაშისთვის. რათქმა უნდა, გვქონდა ხარვეზებიც, თუმცა კარგია, რომ გავიმარჯვეთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუმატოთ.
ბუბა ბერიშვილი, („მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში „დინამოს“ მივულოცავ ღირსეულ გამარჯვებას. თავიდან კარგად დავიწყეთ, ვიგებდით კიდეც, თუმცა „დინამო“ ჩვენზე გამოცდილი გუნდია და დავმარცხდით. შეცდომები გვქონდა დაცვაში, გვაკლდა სათამაშო დისციპლინა. ნაწილობრივ ეს იმანაც გამოიწვია, რომ წინა ტურში „ბათუმთან“ გამარჯვების შემდეგ ზედმეტად თავდაჯერებულები გამოვედით მოედანზე. მომავალში აუცილებლად გამოვასწორებთ ამ ხარვეზებს.