დინამომ მგზავრები დაბალშედეგიან მატჩში დაამარცხა

დინამომ მგზავრები დაბალშედეგიან მატჩში დაამარცხა

 სტატისტიკაგალერეამიმდინარე სეზონის ყველაზე უშედეგო მატჩი მე-3 ტურში
ჩატარდა. ერთმანეთს „დინამო“ და „მგზავრები“ შეხვდნენ და ორივე მათგანმა მთლიანობაში
90 ქულა მიითვალა. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე „დინამო“ 36:30 იგებდა და იყო
შანსი, ყველა დროის ანტირეკორდი დაფიქსირებულიყო, თუმცა დარჩენილ დროში გუნდებმა მთლიანობაში
24 ქულა მიითვალეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 48:42.

მატჩი დინამოელებმა მოიგეს, რომლებმაც ხელჩასაჭიდი უპირატესობა
ბოლო პერიოდში მოიპოვეს, მანამდე კი მატჩი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. ტრავმებით დახუნძლული
„დინამო“ უმეტესად წინ იყო, თუმცა მცირედით და ხელჩასაჭიდ უპირატესობას ვერ ეპატრონებოდა.

პირველი მეოთხედი 9:9 დასრულდა, დიდი შესვენებისთვის
კი დინამო 5 ქულას – 23:18 იგებდა. მესამე პერიოდში „მგზავრებმა“ 12:9 იძალეს და ჩამორჩენა
2 ქულამდე შეამცირეს და როგორც მოგახსენეთ, კვანძი ბოლო პერიოდში – დინამოელთა სასარგებლოდ
გაიხსნა. ამერიკელი ლეგიონერების – მაკალპისა და უილიამსის სამქულიანებით „დინამოს“
უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია (40:30) და ასეთ მწირექულიან თამაშში ამ სხვაობის აღმოფხვრა
გმირობის ტოლფასი იყო, რაც „მგზავრებს“ არ გამოუვიდათ.

დინამოელთაგან მხოლოდ ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო ბურთები
– უილიამსმა, მაკალპიმ, ლონდარიძემ და შარაბიძემ 10-10 ქულა ჩააგდეს, შვანგირაძემ კი
– 8. „მგზავრებში“ კი 16 ქულით საუკეთესო კახა ჯინჭარაძე იყო.

მატჩისშემდგომი კომენტარები
ზვიად ბაბიაშვილი, „მგზავრების“ მწვრთნელი:

– საკმაოდ დაბალი ანგარიში დაფიქსირდა, ასეთი ცოტა ქულა
რომ ჩაეგდოთ გუნდებს, იშვიათად მინახავს. ჩვენს გუნდს ლეგიონერები ახალი შემატებული
ჰყავს და შეთამაშება გვაკლია. გვქონდა შეცდომები, რომელთა გამოსწორებაც გვმართებს და
ვეცდებით, სამომავლოდ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გამოვასწოროთ.

ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

– ის ამოცანა, რაც გუნდს ჰქონდა დასახული, ნაწილობრივ
შეასრულა. დაცვაში თამაში გამოვასწორეთ, თუმცა ახლა შეტევაში გვქონდა პრობლემები. ჩემპიონატში
ყოველი მატჩი დაძაბულია, ჯერ სუპერლიგას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი და შესაბამისად,
ყოველი მატჩის მოსაგებად დიდი ბრძოლა გვმართებს. ველით ტრავმირებული მოთამაშეების გამოჯანმრთელებას,
რომელთ რიცხვს სანდრო სანაძეც დაემატა. იმედია, ისინი მალე დაგვემატებიან და შედეგიანობასაც
ავიმაღლებთ.