სტატისტიკა
გალერეა გუშინ რუსთავსა და ბათუმში დაწყებული სუპერლიგის
24-ე ტური დღეს თბილისში გრძელდება. სპორტის ახალ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან ერთი
დასრულდა. ერთმანეთს პლეი ოფში მოსახვედრად მებრძოლი „დინამო“ და „მგზავრები“ შეხვდნენ.
პლეი ოფში გასასვლელი 3 საგზურიღაა გასათამაშებელი,
რადგან გუშინდელი გამარჯვების შემდეგ „ბათუმმა“ ოფიციალურად გაინაღდა ოთხეულში მოხვედრა.
შესაბამისად, დღევანდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა
დინამოელებმა მოიგეს, რითაც „მგზავრების“ შანსები უკიდურესად შეამცირეს.
მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მანამდე კი დინამოელებმა
14-ქულიანი უპირატესობა გაანიავეს, რაც მგზავრების დიდი ბრძოლისა და შეუპოვრობის მიზეზი
იყო. ბოლო წუთებზე თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, სანამ დინამოელი მიხეილ ბერიშვილი
სამქულიანს ჩააგდებდა, შემდეგ მგზავრების ცენტრი საჯარიმოებს ააცილებდა და ებრიუ მაკალპინი
ორქულიანს ჩააგდებდა. ამ ქულებმა დინამოელები მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე
83:78 დააწინაურა და შეხვედრის ბედიც ფაქტობრივად აქ გადაწყდა.
საბოლოოდ „დინამომ“ 89:82 მოიგო და საპლეიოფო ზონაში
პოზიცია გაიმყარა. გამარჯვებულებს 18 ქულით ილია ლონდარიძემ ულიდერა, ხოლო 17 ქულა
დააგროვა მაქსიმ კოვაჩევიჩმა. მგზავრებში 21 ქულით საუკეთესო იყო კაშიმ რენსომი.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია
(„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია
სუპერლიგის გუნდებისთვის, განსაკუთრებით მათთვის
ვისაც ოთხეულში შესვლის შანსი აქვს, ასე რომ ყველა მატჩი ურთულესია. სამწუხაროდ, ბოლო
3 თამაშში მარცხი განვიცადეთ, და მნიშვნელოვანია რომ დღეს წაგებების სერია მოგებით შევცვალეთ. გვქონდა შეცდომები,
მაგრამ მიუხედავად ხარვეზებისა, გავიმარჯვეთ და
ვეცდებით კვლავაც წარმატებით გავაგრძელოთ რეგულარული სეზონი.
ბუბა ბერიშვილი („მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში ვულოცავ დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას. სიმართლე ითქვას, არ ველოდებოდი ასეთ თამაშს – კონკრეტულად „დინამოსთან” სათამაშოდ ვემზადებოდით და კარგად გვქონდა შესწავლილი თუ დამუშავებული ყველა ნიუანსი. მოგების შემთხვევაში 4-ეულში მოხვედრის რაღაც შანსები გვქონდა, თუმცა ახლა მხოლოდ თეორიული შანსიღა დაგვრჩა. მიუხედავად ამისა, მე მაინც კმაყოფილი ვარ დღეს ჩემი გუნდის თამაშით და მადლობას გადავუხდი ბიჭებს.