სტატისტიკა გალერეაგუშინ, ბრძოლაში დაწყებული სუპერლიგის ფინალური სერია
დღეს ნაკლებად საინტერესო მატჩით გაგრძელდა. „დინამო თბილისმა“ ზედმეტი გართულების
გარეშე, 23 ქულის სხვაობით დაამარცხა „ქუთაისი“ და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
დინამოელებს გუშინ შორი სროლები არ წაუვიდათ და თავიდან დაცვაში თამაშიც უჭირდათ, თუმცა შეხვედრა მაინც მოიგეს. დღეს კი ირაკლი ხოშტარიას
გაწვრთნილ გუნდს თავიდანვე ყველაფერი გამოუვიდა და სოლიდურ უპირატესობას რომ დაეპატრონა,
მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია. მასპინძლები ერთნაირი წარმატებით ირჯებოდნენ როგორც
ფარქვეშ, ისე – პერიმეტრიდან. დეონტა ვონი, რომელსაც გუშინ თამაში არ წაუვიდა, დღეს
შეუდარებელი იყო. დინამოელთა ამერიკელი ლეგიონერი ძირითადად შორი სროლებით გამოირჩა,
თუმცა ბურთის გათამაშებასაც ჩინებულად ართმევდა თავს და თავისიან მეფარეებს პასებით
უხვად ამარაგებდა. ამას ერთვოდა დაცვაში საიმედო თამაშიც და თბილისელებმა პირველი პერიოდი
23:13 მოიგეს.
დინამოელებს გაუმართლათ სამარქაფოებმაც, რომელთაგან
ლევან გრძელიძე გამოირჩა. ახალგაზრდა დინამოელმა მეორე პერიოდში 3-დან 3 სამქულიანი
ჩააგდო და მასპინძლების კიდევ უფრო დაწინაურებას ხელი შეუწყო. მეორე მეოთხედში დინამოელთა
უპირატესობამ 25 ქულას გადააჭარბა, რის შემდეგაც ქუთაისელთა შანსები მინიმუმამდე შემცირდა.
დიდ შესვენებაზე საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ სპეციალური პრიზითა და სანაკრებო მაისურით დააჯილდოვა იუბილარი ვეტერანი კალათბურთელი თამაზ კაკაურიძე, რომელსაც 80 წელი შეუსრულდა.
მეორე ტაიმში ქუთაისელები ეცადნენ, მაგრამ მაქსიმუმი,
რაც მოახერხეს, ჩამორჩენის 16 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ „დინამომ“ 88:65 გაიმარჯვა
და ჩემპიონობას 1 მოგებამდე მოიახლოვდა. მასპინძლებს 25 ქულით დეონტა ვონმა ულიდერა.
19 ქულით
და 8 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ილია ლონდარიძემ, ლევან გრძელიძის ანგარიშზე კი 11
ქულა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 18 ქულით, 9 პასით და 8 მოხსნით გიორგი ცინცაძე გამოირჩა.
16 ქულა და 8 მოხსნა ბექა ბექაურმა მიითვალა.
სერიის მომდევნო მატჩი ქუთაისში, 26 მაისს გაიმართება
და გამარჯვების შემთხვევაში, თბილისელები ჩემპიონები გახდებიან. ქუთაისელთა გამარჯვების
შემთხვევში კი სერიის მე-4 შეხვედრა კვლავ ქუთაისში ჩატარდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): მაქსიმუმი გავაკეთეთ სახლის თამაშებიდან – მოვიგეთ ორივე შეხვედრა. იოლი არაფერია, ხან მიგვდის თამაში, ხან არა. ვემზადებით შემდეგი ურთულესი და უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის. უბრალოდ დავწინაურდით, ეგ არის და ეგ.
კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): მე დღეს ვიყავი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფინალურ თამაშზე, მაგრამ სამწუხაროდ “ქუთაისი-2010” დღეს აქ ვერ ვნახე. იმედი მაქვს რომ ქუთაისის სპორტის სასახლეში ვიხილავ.