სტატისტიკა გალერეაVideo
გამარჯვებით დაიწყო
ნახევარფინალური სერია თბილისის “დინამომ”, რომელმაც ლეგიონერებით გაძლიერებულ
“ბათუმს” 68:57 სძლია. აჭარულმა გუნდმა
თამაში მძლავრად დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ მოგების რეალურ შანსსაც ფლობდა,
თუმცა მესამე პერიოდი ჩააგდო და შემდეგ ვითარება ვეღარ გამოასწორა.
რომ არა აჭარულ
გუნდში მომხდარი უსიამოვნო ინციდენტი, შესაძლოა, ბათუმელებს გამარჯვებაც მიეთვალათ.
მეორე მეოთხედის შუაწელში სტუმართა გუნდის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა,
რის გამოც ბათუმელთა ამერიკელი ფორვარდი ჯეიმი ჯექსონი თამაშიდან გააძევეს. ჯექსონმა
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ივანე მაისურაძეს.
ამის შემდეგ ბათუმელებმა პირველი ტაიმი ჩაამთავრეს, დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით
გავიდნენ და გასახდელიდან დაბრუნებულებმა მანამდელი შემართებით ვეღარ ითამაშეს.
“დინამოს”
ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ჩერნოგორიელმა სტევან მილოშევიჩმა თბილისელთა წარმატებაში
დიდი წილი დაიდო. მესამე პერიოდი დინამოელებმა 23:8 მოიგეს, 11 ქულით დაწინაურდნენ
და ბოლო პერიოდიც ისე ჩაამთავრეს, პრობლემა არ შექმნიათ.
გამარჯვებულებს
მილოშევიჩმა 18 ქულითა და 21 მოხსნით ულიდერა. 14 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა ქიან
კარტერმა, ხოლო ბესო ლეჟავას ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. “ბათუმში: 14 ქულით
ბომბარდირი ჯუნიორ ქედუგინი გახდა, 13 ქულა დააგროვა კემერონ მაკკეფრიმ, ნემანია მიშკოვიჩის
ანგარიშზე კი 11 მოხსნა და 4 ქულა დაგროვდა.
ამ გუნდებს შორის
მეოთხედფინალური სერიის მე-2 შეხვედრა ხვალ, 10 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში,
16:00 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):
სერიაში 1:0 დავწინაურდით. რთული თამაში იყო და ამას ველოდით, ნახევარფინალებში ყოველთვის
საინტერესო და დაძაბული მატჩებია. უკვე ვფიქრობთ ხვალინდელ თამაშზე, ვეცდებით, ძალები
აღვიდგინოთ და იმავე შემართებით გავიდეთ, როგორც დღეს. მეტოქე საკმაოდ ძლიერია როგორც
ინდივიდუალურ, ისე სხვა ასპექტებში. თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ხვალაც სასურველი
შედეგის მისაღწევად.
მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. რაც შეეხება თამაშს, პირველი ტაიმის შემდეგ არაფერი
გამოგვივიდა. ეს იმის ბრალია, რომ მეტოქე ძალიან ძლიერია. შევეცდებით, მომდევნო მატჩებში
ვიბრძოლოთ და მაქსიმალურად დავიხარჯოთ.
ნიკა რამიშვილი(,,ბათუმი’’): პირველ რიგში,
მივულოცავ ,,დინამოს’’ ღირსეულ გამარჯვებას. რაც შეგვეხება ჩვენ, მესამე პერიოდის დასაწყისიდან
დაგვეწყო ჩავარდნა და ვერაფერი გავაკეთეთ ვერც დაცვაში და ვერც შეტევაში. შედეგიც სახეზეა.