სტატისტიკარამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ქართული კლუბი ევროტურნირზე გამოჩნდა. „დინამო თბილისმა“, რომელიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონია, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მოსინჯა ძალა. ირაკლი ხოშტარიას, მარკო მინიჩისა და მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ესპანეთის „ხუვენტუტს“ დაუპირისპირდნენ და ბრწყინვალედ ჩატარებული სამი პერიოდის შემდეგ, ბოლო პერიოდში გატყდნენ.
დინამო (თბილისი) – ხუვენტუტი (ესპანეთი) 60:72 (სტატისტიკა)
თუმცა ამ ეტაპისთვის მოგებას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენადაც ევროსარბიელზე ქართული კლუბის, თანაც „დინამოს“ დაბრუნებას. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნილი გუნდები ფიბა-ს შედარებით დაბალი რანგის ტურნირ ევროთასში ინაცვლებენ და თუკი „დინამო“ „ხუვენტუტის“ ბარიერს ვერ დაძლევს, დაახლოებით მისივე კალიბრის გუნდებთან მოუწევს ევროთასზე ბრძოლა.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდეს, „დინამოს“ 3 ეტაპის დაძლევა მართებს. თანაც, ყოველ მომდევნო რაუნდში მეტოქე გუნდის დონე მატულობს. გუშინ „დინამომ“ 12 ქულით – 60:72 წააგო და „ხუვენტუტის“ ბარიერი რომ დაძლიოს, ესპანეთში ამაზე მეტი სხვაობით უნდა მოიგოს. საპასუხო შეხვედრა ბადალონაში 21 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება თავად მატჩს, დინამოელებმა ღირსეულად ითამაშეს. ნიკა ცქიტიშვილი 23 ქულით მასპინძელთაგან საუკეთესო იყო, 17 ქულა სერბი ლეგიონერის – ნიკოლა გაჩეშას ანგარიშზე დაგროვდა. ბოლო პერიოდის წინ „დინამო“ მხოლოდ 2 ქულას აგებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მეტოქეზე იერიშის მისატანად ძალები არ ეყო. ესპანური გუნდის წევრებმა კი მეტი შემართებით ჩაატარეს ბოლო წუთები და საპასუხო, საშინამო მატჩის წინ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩის შემდეგ დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ხოშტარიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მინუსი ისაა, რომ სულ 10 დღეა, რაც შევიკრიბეთ. ქართულ კლუბებს წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. მეტოქე ჩვენზე ფიზიკურად ძლიერი იყო. განმეორებითი თამაში ზეგაა, შევეცდებით, ღირსეულად ვითამაშოთ. მოგების შანსი იყო, რაზეც გული მწყდება“.