დინამო სერიაში 2:0 დაწინაურდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკაგალერეა 

მეოთხედფინალური
სერიის მეორე მატჩი გაიმართა „დინამოსა“ და „მგზავრები-არმიას“ შორის. პირველი მატჩის
მსგავსად ამჯერადაც დინამოელებმა იმარჯვეს და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.

პირველი მატჩისგან
განსხვავებით ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა შედარებით დამაჯერებლად იმარჯვა.
გუშინდელი შეხვედრა დინამოელებმა 2 ქულით – 84:82 მოიგეს, დღეს კი მეტოქეს 86:70 სძლიეს.

ფრედ დამთავრებული
მესამე მეოთხედის გარდა „დინამომ“ ყველა დანარჩენი პერიოდი მოიგო. „მგზავრები-არმიას“
წევრები ბოლომდე იბრძოდნენ, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლო პერიოდის
წინ „დინამო“ 10 ქულით იგებდა და გამარჯვებამდე ისე მივიდა, ვითარება არ დაძაბულა.

დინამოელთაგან
15 ქულით და 13 მოხსნით გარიკ შერმანი გამოირჩა. ორმაგი დუბლი მოაგროვა ილია ლონდარიძემაც
– 14 ქულა 16 მოხსნა. 12 ქულით დაასრულა შეხვედრა თემურ ბაბუნაშვილმა. „მგზავრები-არმიაში“
20 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო ტამირ ჯექსონი გახლდათ, 14 ქულა მერაბ ბოქოლიშვილმა
მოაგროვა, ხოლო ადრიკ მაკკინლიმ შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

ამ გუნდებს შორის
მეოთხედფინალური სერიის მომდევნო მატჩი 8 მაისს გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):
ფაქტია, რომ უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე გუშინ. შევძელით შედარებით სრულყოფილი როტაცია,
დაცვაშიც დავალებები მეტნაკლებად უკეთესად შევასრულეთ და შედეგიც სახეზეა. სერია 3
მოგებამდე გრძელდება, ამიტომ დამთავრებული არაფერი არ არის. ეს კარგად უნდა გავითავისოთ
და მჯერა, რომ ბიჭებს ეს გააზრებული აქვთ. 2 დღე გვაქვს, რომ დავისვენოთ და შემდეგი
თამაშისთვის მოვემზადოთ.

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, ვულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. დღეს, ფაქტობრივად, დაშლილები ვიყავით,
საერთოდ არ გვქონდა გუნდურობა, ამიტომ ყველა კომპონენტში და ყველა ასპექტში წავაგეთ.
გუშინ ის შანსი გავუშვით, რომელიც აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა. ახლა საკმაოდ რთულ
მდგომარეობაში ვართ, განვიხილავთ შეცდომებს და შევეცდებით მოვემზადოთ მესამე მატჩისთვის.

ლაშა გამყრელიძე(,,დინამო’’): პირველ რიგში, მივულოცავ ჩემს გუნდს, კარგი თამაში გამოვიდა. ,,მგზავრები-არმია’’ ძლიერი გუნდია, ველოდებოდით, რომ პლეი ოფში რთული თამაშები გვექნებოდა. დღეს მოვახერხეთ უფრო კარგად გვეთამაშა, დაცვაში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ და გავიმარჯვეთ, თუმცა არაფერი მორჩენილა. მესამე თამაშიც რთული იქნება, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით 3:0 დავამთავროთ სერია.

მერაბ ბოქოლიშვილი(,,მგზავრები-არმია’’):
მივულოცავ ,,დინამოს’’ მოგებას. ჩვენ გუშინდელთან შედარებით დღეს ცუდად ვითამაშეთ.
პირველ შეხვედრაში მეტოქეს ფარზე ვაჯობეთ, დღეს კი ვერც ფარზე გავუწიეთ წინააღმდეგობა,
შეტევაშიც ბევრი შეცდომა დავუშვით. ასეთი თამაშით ძალიან გაგვიჭირდება. 2 დღე გვაქვს,
რომ განვიხილოთ შეცდომები და შემდეგი მატჩისთვის მზად ვიყოთ.