დინამო საქართველოს ჩემპიონია! (მატჩისშემდგომი კომენტარები)

  სტატისტიკა
 გალერეა

“დინამო” საქართველოს ჩემპიონია! დღეს, დინამოელებმა
ფინალური სერიის მე-4 შეხვედრა 91:58 მოუგეს “ქუთაისს” და სუპერლიგის გამარჯვებულები
გახდნენ. თბილისურმა გუნდმა სერია 3:1 მოიგო.

“დინამო” საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა.
პირველად დინამოელებმა საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში – 1991 წელს, ლევან
მოსეშვილის მწვთნელობისას გაიმარჯვეს. მეორედ – 2003 წელს, ხორვატი დრაჟენ  ბრაიკოვიჩის ხელში, ხოლო მესამედ დღეს, ირაკლი ხოშტარიას
წინამძღოლობით.

სერიის გადამწყვეტი მატჩი “დინამომ” ისე ჩაატარა,
ჩემპიონს რომ შეეფერება. ხოშტარიას გუნდმა ისე ითამაშა, მასპინძლებისთვის შანსი არ
დაუტოვებია. ქუთაისელებმა მხოლოდ საწყის 3 წუთში ილიდერეს – დავით ბარბაქაძისა და აკაკი
დვალიშვილის ქულებით 7:2 დაწინაურდნენ.

დინამოელებმა მეტოქეს მედგარი დაცვა დაუპირისპირეს და
მომდევნო 4 წუთის განმავლობაში ბურთი არ ჩააგდებინეს. აღნიშნული მონაკვეთი თბილისელებმა
13:0 მოიგეს და სოლიდურ ლიდერობას ხომ დაეუფლნენ, თამაშის სადავეებსაც დაეპატრონნენ.

ქუთაისელებმა ვითარების გამოსწორება შორი სროლებით განიზრახეს,
რადგან დინამოელებს ვერც სისწრაფეში აუწყვეს ფეხი და ვერც ფარქვეშ გაუწიეს წინააღმდეგობა.
ვერც დავით ბარბაქაძემ, ვერც რევაზ დიდიამ და ვერც
სხვა ქუთაისელმა პერიმეტრს
მიღმიდან ვერაფერი
გააწყო, დინამოელები კი პირიქით – შორიდანაც წარმატებით ესროდნენ,
სწრაფი გარღვევებითაც გამოირჩეოდნენ და სამწამიანშიც ჩინებულად  გრძნობდნენ თავს.

განსაკუთრებით
გამოირჩეოდა სტევან მილოშევიჩი. ჩერნოგორიელი გოლიათის შემჩერებელი ქუთაისელთაგან ვერავინ
მოიძებნა. მეორე ტაიმიდან მილოშევიჩს ქიან კარტერიც შეეშველა, რომელმაც თანაგუნდელისგან
ფარქვეშ ბატონობა გადაიბარა. დინამოელთა შეტევებს გონივრულად უძღვებოდა ლაშა გამყრელიძე,
რომელიც პასებსაც არიგებდა და შეტევებსაც წარმატებით აგვირგვინებდა.

პირველი ტაიმის
შემდეგ დინამოელები 18 ქულიით იგებდნენ, მატჩის ბედი კი მესამე მეოთხედის ბოლოსკენ
გადაწყვიტეს, როცა 30-ქულიანი ლიდერობის ზღვარს გადააბიჯეს. ბოლო მეოთხედის შუაწელში,
როცა მატჩმა საბოლოოდ დაკარგა ინტრიგა, ორივე გუნდმა მოედანზე მეორე შემადგენლობას
უხმო. შეხვედრა სათადარიგოებმა ჩაამთავრეს.

25 ქულითა და
11 მოხსნით საუკეთესო შედეგი სტევან მილოევიჩმა დააფიქსირა. 18 ქულა მიითვალაქიან კარტერმა,
ხოლო ლაშა გამყრელიძემ სამმაგი დუბლის ზღვრამდე მივიდა – 15 ქულა, 8 მოხსნა, 9 პასი
(პლუს 4 ჩაჭრა). ქუთაისელთაგან 15 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა აკაკი დვალიშვილს, 11 ქულა
– ავთანდილ ლომინაშვილს.

მატჩის დასრულებისთანავე
დინამოელთა საჩემპიონო ზეიმი გაიმართა. ჩემპიონამდე მეორე ადგილის მფლობელი ქუთაისელები
დააჯილდოვეს. ვერცხლის მედლები და სპეციალური სიგელები ქუთაისელებს კალათბურთის ეროვნული
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებმა – კახა შენგელიამ და ვლადიმერ ბოისამ გადასცეს.

ჩემპიონი ფედერაციის
პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ და გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვეს.
ბოლო აკორდი დინამოელთათვის საჩემპიონო თასის გადაცემა იყო, რომელიც გუნდის კაპიტანმა
ლაშა გამყრელიძემ ფედერაციის პრეზიდენტისგან ჩაიბარა.

“დინამო”
და “ქუთაისი” 6 დღეში ისევ ითამაშებენ – ამჯერად სეზონის ბოლო ტიტულს, სუპერთასს
გაითამაშებენ.

მატჩისშემდგომი კომენტარები:
ირაკლი ხოშტარია
(„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): ბედნიერები ვართ
ყველა. მადლობა ჩემს ბიჭებს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში პროფესიონალურად
უდგებოდნენ საქმეს. ყოველთვის მჯეროდა მათი და დღეს დავრწმუნდი რომ მათაც იგივე დამოკიდებულობა
ჰქონდათ ჩემს მიმართ.  მადლობა გულშემატკივრებს,
გუნდის ხელმძღვანელობას.  ყველას, ვისაც თბილისის
 „დინამო“ უყვარს.  
ჩვენ კიდევ დაგვრჩა ერთი თამაში  სუპერთასზე და ვეცდებით ჩვენი პროფესიული ვალი მოვიხადოთ  კლუბის და ხალხის წინაშე და  სეზონი 
ბოლომდე მივიყვანოთ.  
 
მედეა მხეიძე
(„ქუთაისის“ მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ „დინამოს“ ჩემპიონობას. ამ
გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ შედეგისთვის და ვისურვებდი, რომ მომავალში კვლავაც მეხილა
ჩემპიონატში. წარმატებებს ვუსურვებ „ დინამოს“და იმედია, ქუთაისის გუნდსაც  ექნება ის პირობები,  რაც კლუბს შეეფერება.
მივულოცავ ყველა ქუთაისელს ვერცხლის მედლებს და ქუთაისის
ყველა მოთამაშეს.  ისევ და ისევ აღვნიშნავ,
რომ ეს არის დიდი წარმატება ჩვენი კლუბისთვის, ქალაქისთვის და მთლიანად რეგიონისთვის.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გვერდში დაგვიდა,
სუპერლიგის ხელმძღვანელობას  წლევანდელი სეზონის
ორგანიზებისთვის და  მადლობა ჩვენს ბიჭებს გაწეული
შრომისთვის და ამ შედეგისთვის.
იმედია,  ამ
წარმატების შემდეგ კალათბურთის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება,  სამომავლოდ კლუბი გაძლიერდება და მეტი მოტივაციაც
გვექნება.

რაც შეეხება მოახლოვებულ სუპერთასს,  ის პრინციპული მატჩი იქნება ჩვენთვის. მართალია,
„დინამო“ ამაღლებულ განწყობაზე ხვდება ამ თამაშს, მაგრამ არც ჩვენ დავაკლებთ არაფერს
და ვფიქრობ, საინტერესო მატჩი გამოვა.