სტატისტიკა
თბილისის
“დინამო” სუპერლიგის ფინალშია. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა
“ბათუმს” მესამე შეხვედრაც მოუგო და ნახევარფინალურ სერიაში მშრალი ანგარიშით
– 3:0 იმარჯვა.
ბათუმში მატჩის
დაწყებას წინ მასპინძელთა გუნდის კაპიტნის, კაშა კეშელავას სიტყვა უძღვოდა, რაც კალათბურთის
ფედერაციის ინიციატივის შემადგენელი ნაწილი გახლდათ:
“საკალათბურთო კლუბი “ბათუმი” უერთდება საყოველთაოდ აღიარებულ სპორტულ პრინციპს სამართლიანი თამაშის
შესახებ. ჩვენი გუნდი და ხელმძღვანელობა
სრულად ვიზიარებთ და ვიცავთ მოედანზე და მის გარეთ იმ ეთიკის წესებს, რაც გამოიხატება
მოწინააღმდეგე გუნდის წევრების, მსაჯების, მატჩის მომსახურე პერსონალისა და მაყურებლების
პატივისცემაში. “ბათუმის” გუნდი გმობს ყოველგვარი ძალისა და ცინიზმის გამოვლინებას. ჩვენ ვემხრობით
იმ პრინციპებს, რაც სამართლიანი, აზარტული და საზოგადოებისთვის მისაღები სპორტული ასპარეზობების
გამართვის გარანტია. ჩვენ გვჯერა, რომ ანალოგიურად არიან განწყობილნი საკალათბურთო
სუპერლიგის სხვა გუნდებიც, რაც ეროვნული ჩემპიონატის მშვიდობიან და ჯანსაღ ატმოსფეროში
ჩატარებას უზრუნველჰყოფს”.
რაც შეეხება მატჩს, ის თანაბრად დაიწყო და პირველი მეოთხედის შემდეგ
“დინამო” მხოლოდ 1 ქულას იგებდა. ბათუმელებს აშკარად აკლდათ დისკვაიფიცირებული
ჯეიმი ჯექსონი, რომელიც სერიის პირველ მატჩში მწვრთნელთან, ივანე მაისურაძესთან კონფლიქტის
გამო 5 მატჩით დაისაჯა. ჯექსონი უკვე ამერიკაში გაბრუნდა, ბათუმელებმა კი ნახევრფინალური
სერია მშრალი ანგარიშით წააგეს.
მეორე მეოთხედიდან ხოშტარიას გუნდმა სისწრაფეს და რაც სიზუსტეს უმატა.
ბესო ლეჟავას, სტევან მილოშევიჩისა და ქიან კარტერის შედეგიანობით სტუმრებმა პერიოდი
15:21 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 37:30. “დინამომ”
მესამე ათწუთეულში უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცა და ბოლო პერიოდში თამაში ისე
ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. ბათუმელებს ჰქონდათ შანსი, ჩამორჩენა იმ დონემდე
შეემცირებინათ, რომ მოგებაზე რეალურად ეფიქრათ, მაგრამ საკვანძო მომენტებში ამერიკელმა
ლეგიონერებმა სროლები გააცუდეს.
“დინამომ” საბოლოოდ 70:59 იმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.
თბილისელებს მილოშ პეშიჩმა 17 ქულით ულიდერა, 15 დააგროვა ბესო ლეჟავამ, ხოლო ქიან
კარტერის ანგარიშზე 14 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. დინამოელთა ჩერნოგორიელმა ცენტრმა
სტევან მილოშევიჩმა 13 მოხსნა და 6ქულა მიითვალა. ბათუმელთაგან 14 ქულითა და 16 მოხსნით
საუკეთესო იყო ნემანია მიშკოვიჩი, 14 ქულა დააგროვა ჯერემი სეფოლდმა, ნიკა რამიშვილმა
კი მასპინძლებს 13 ქულა მიაშველა.
ფინალურ სერიამდე “დინამოს” ერთკვირიანი დასვენება გამოუვა.
საჩემპიონო სერია 20 მაისს იწყება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მიხეილ კობეშავიძე(“ბათუმის”
მთავარი მწვრთნელი): სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ
“დინამოს” შევწინააღმდეგებოდით, რეალობა ასეთია და ახლა მე-3 ადგილისთვის
მატჩზე ვიფიქრებთ. ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, “ბათუმი” მხოლოდ მოგებისთვის
იბრძოლებს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ერთმა ლეგიონერმა დაგვტოვოს. ეს საკითხი
ჯერ არაა გარკვეული.
ირაკლი ხოშტარია(“დინამოს”
მთავარი მწვრთნელი): სერიაში ანგარიში ერთი
შეხედვით ისეთია, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ იოლად მოვიგეთ. ეს ასე არ ყოფილა, გუნდის
ყველა წევრმა ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვება ძალების მობილიზების შედეგად მოვიპოვეთ.
ეს წარმატება უკვე დავიწყებულია. ჯერ არაფერი მოგვიგია, წინ ფინალია და ახლა მისთვის
მზადებას ვიწყებთ. კარგია, რომ ფინალისთვის მოსამზადებლად 1 კვირა გვაქვს. მეორე ნახევარფინალში
ვინ გაიმარჯვებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს – “არმიაც” და “ქუთაისიც”
საკმაოდ ძლიერი მეტოქეები არიან.