უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოდგა სუპერლიგის მორიგი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი გურჯაანის “დელტა” და თბილისის “ვერა” შეხვდნენ. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა ვერელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მიმდინარე სუპერლიგაში პირველი გამარჯვება მოეპოვებინათ, მაგრამ ოვერტაიმში მაინც წააგეს – 92:93 (სტატისტიკა).
შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა. ვერელებმა თამაშის ძირითადი დრო მხოლოდ 7 კალათბურთელით ჩაატარეს, თუმცა თამაშისთვის განკუთვნილმა 40-მა წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. დამატებით ხუთწუთეულში ვერელებს პერსონალური ჯარიმების ლიმიტის გამო 3 კალათბურთელი გაუვარდათ, რის გამო მწვრთნელი იძულებული გახდა, მოედანზე ახალგაზრდა სათადარიგოები შეეშვა და როცა მე-4 კალათბურთელიც გავარდა, გასიტაშვილის გუნდს 4 კალათბურთელით დარჩენა დაემუქრა.
18 წლის საბა კალმახელიძეს ტრავმა ჰქონდა და სათადარიგოთა სკამზე მთელი შეხვედრა სპორტული ეკიპირებით, თუმცა სათამაშო უნიფორმის გარეშე იმყოფებოდა. როცა მოედანზე 4 კალათბურთელი დარჩა, საბას სათამაშო მაისური ტრიბუნიდან მიაწოდეს და ფეხმტკივანი ახალგაზრდა კალათბურთელი მოედანზე შევიდა.
საბამ 3 წუთზე მეტი ითამაშა და ბურთიც ჩააგდო, მაგრამ მისმა გუნდმა გამარჯვება ბოლო წამზე დათმო. დაჩი ქავთარაძემ დამატებითი ხუთწუთეულის დასრულებამდე 3 წამით ადრე ფარქვეშიდან გამარჯვების მომტანი ბურთი ააცილა და ვერამ დასანანი შეხვედრა დათმო. გურჯაანელებმა კი გაიხარეს. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა მე-4 მატჩში მე-3 გამარჯვება მოიპოვა და სუპერლიგას სათავეში ჩაუდგა. აღსანიშნავია, რომ დაკარგული ქულებით ლიდერები 3 მოგების მქონე დაუმარცხებელი გუნდები – რუსთავი, კავკასია და კაკტუსი არიან.
დელტაში დებიუტი ჰქონდა გეგი ბაქრაძეს, რომელმაც შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 17 ქულა, 13 მოხსნა. 24 ქულა და 8 მოხსნა ეივი ტუმერმა მიითვალა, ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა. ვერაში 24 ქულით შეუცვლელად, 45 წუთი მოთამაშე მარტის კიმბრო გახდა. 16 ქულა და 8 მოხსნა ვალერიან წულეისკირის ანგარიშზეა.