სტატისტიკაგალერეამეორე ტური საინტერესო
მატჩით დასრულდა. ერთმანეთს პირველი ტურის აღმოჩენა „სოხუმი“ და „ოლიმპი“ შეხვდნენ.
სოხუმელებმა მიმდინარე სუპერლიგის სადებიუტო მატჩში „რუსთავი“ გაანადგურეს, რაც დუდუ
დადიანის ტურნირზე განცდილი 3 უიმედო მარცხის შემდეგ გვარიანი მოულოდნელობა იყო.
რაც შეეხება
„ოლიმპს“, ამ გუნდს 4 ლეგიონერი ჰყავს და დადიანის მემორიალზე „ქუთაისის“ ძლევით დაადასტურა საკუთარი მაღალი ამბიცია. დღევანდელი
მატჩი „ოლიმპისთვის“ სადებიუტო იყო მიმდინარე სუპერლიგაში. გია კაზანჯიანის გუნდს პირველი
ტურის შეხვედრა „აკადემიასთან“ გადაედო და დღეს „სოხუმთან“ მატჩით გახსნა საკუთარი
სუპერლიგის ანგარიში.
დღევანდელი მატჩი
საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელიც თავიდან გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა,
თუმცა სადებიუტო წუთების შემდეგ ოლიმპელებმა თამაში დაალაგეს. სწრაფი და გააზრებული
თამაშის შედეგად კაზანჯიანის გუნდმა პირველი მეოთხედი 19:15 მოიგო და ეს უპირატესობა დიდი შესვენებისთვის მნიშვნელოვნად გაზარდა. ჯერემი
ბაინუმის 14 ქულის წყალობითა და კარგი დაცვით ოლიმპელებმა პირველი ნახევარი 34:23 მოიგეს.
მესამე პერიოდმა
მეტ-ნაკლებად თანაბრად ჩაიარა. ფიცხელ ორთაბრძოლაში სოხუმელებმა ოდნავ შეამცირეს ჩამორჩენა
და მატჩის ბედის გარკვევა ბოლო პერიოდში გადაიდო, რომლის დაწყებამდეც ოლიმპელები
49:43 იგებდნენ. სოხუმელებმა ეს ჩამორჩენა 4 წუთში გააბათილეს, როცა მწყობრი დაცვისა
და სწრაფი შეტევების წყალობით, 52:51 დაწინაურდნენ. როგორც გამოჩნდა, ეს გახდა გარდამტეხი
მომენტი, რადგან „ოლიმპის“ მოთამაშეებმა ვერაფერი დააკლეს „სოხუმის“ დაცვას, შეტევაში
კი გიორგი ჯგერენაიამ შეტევაში წარმატებული თამაში განაგრძო და მატჩის ბოლო წუთისთვის
ყველაფერი გაირკვა – ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილი სოხუმელები 7 ქულით იგებდნენ და
საქმე მათთვის წარმატებულ დასასრულამდე მიიყვანეს.
გამარჯვებულებს
22 ქულით ამერიკელმა ფილიპ მილერმა ულიდერა. 19 ქულა დაუგროვდა მის თანამემამულე მეთიუ
გლოვერს, ხოლო ჯგერენაიას ანგარიშზე საბოლოოდ 15 ქულა დაგროვდა. „ოლიმპის“ შემადგენლობაში
19 ქულით ჯერემი ბაინუმი გამოირჩა.
სუპერლიგის მომდევნო,
მე-3 ტური 30 და 31 ოქტომბერს, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება. მანამდე, 27 ოქტომბერს
„ოლიმპისა“ და „აკადემიის“ გადადებული შეხვედრა ჩატარდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
გია კაზანჯიანი, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი:
– მიუხედავად
იმისა, რომ მატჩის უმეტესობა ვიგებდით, ბოლო მეოთხედში გამოჩენილი ინერტულობის გამო
წავაგეთ. „სოხუმმა“ მოიგო იმიტომ, რომ გულით უნდოდათ მოგება. ყველა მოთამაშემ, ვინც
მოედანზე იყო ბოლომდე იბრძოლა. იყო ეპიზოდები, როცა ჩვენი მეტოქეები ბურთისთვის ბრძოლაში
იატაკზე გადახტომას არ ერიდებოდნენ. ჩვენი გუნდის წევრებს კი თავდადება აკლდათ, პლუს
ამას, ტანმაღალმა მოთამაშეებმა ვერ ითამაშეს და ეს სერიოზულ პრობლემად რჩება.
ვაჟა კვარაცხელია, „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი:
– გავიმარჯვეთ
იმიტომ, რომ არ დავნებდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ როგორც მოთამაშეებმა, ისე სამწვრთნელო
შტაბმა. ავადმყოფობის გამო გვაკლდა სერგო ათუაშვილი, ხოლო გივი ბაქრაძე ახალი გამოჯანმრთელებულია
და თავს სუსტად გრძნობდა. იმედია, ათუაშვილი მომავალ ტურში შემოგვიერთდება.