„ბათუმმა“ ტური „მგზავრების“ დამარცხებით გახსნა

„ბათუმმა“ ტური „მგზავრების“ დამარცხებით გახსნა

 სტატისტიკა

სუპერლიგის მე-4 ტური დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიხსნა. დღეს 3 მატჩი გაიმართება, რომელთაგან პირველი უკვე დასრულდა. „მგზავრებმა“ „ბათუმს“ უმასპინძლეს და 13 ქულის სხვაობით – 75:62 დამარცხდნენ.

თამაში თანაბრად დაიწყო და ორივე გუნდი მეტ ყურადღებას დაცვას უთმობდა. ანგარიშიც თანაბრად იზრდებოდა, პირველი პერიოდის მიწურულს კი სტუმრებმა მცირედით იძალეს და ათწუთეული 15:13 მოიგეს. ზღვისპირელებმა მეორე მეოთხედში მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და კარგ დაცვას შედეგიანი შეტვაც შეაშველეს, რაც ანგარიშში აისახა – 37:29 პირველი ტაიმის შემდეგ.

დიდი შესვენების შემდეგ ვითარება რადიკალურად არ შეცვლილა, თუმცა პერიოდის დასაწყისში „მგზავრებმა“ გაქცევა მოაწყვეას და ჩამორჩნა მინიმუმამდე – 36:37 შეამცირეს. თბილისურ კლუბს შანსი მიეცა, თუმცა ბათუმელებმა დაცვა გაამაგრეს და ხელჩასაჭიდი ლიდერობა მესამე მეოთხედის ბოლომდე დაიბრუნეს – 53:46.

ბოლო ათწუთეულში ბათუმელებმა წარმატებით შეინარჩუნეს რიტმი და შეხვედრაც სასურველი შედეგით დაასრულეს. გამარჯვებულებს 18 ქულითა და 12 მოხსნით სერბმა ცენტრმა – სტეფან ანდრესევიჩმა ულიდერა. 14 ქულა მიითვალა უკრაინელმა ლეონიდ სტეპანიშინმა, ხოლო სპენსერ კოლინსის ანგარისზე 16 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. „მგზავრებში“ 18 ქულით საუკეთესო იყო სანდრო სანაძე, დერონ პაუერსმა 17 ქულა მიითვალა, ხოლო ბერნარდ ნკალის ანგარიშზე 8 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.

მომდევნო მატჩში „დინამო“ „სოხუმს“ დაუპირისპირდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ვლადიმირ ბოსნიაკი, „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი: ცოტათი ნელი ტემპით დავიწყეთ თამაში, სპენსერ კოლინზი ძალიან ავად იყო და მხოლოდ ნახევარი ითამაშა, შემდეგ ვახო ქადარიამ გამოიჩინა კარგი თამაშით თავი, რამაც ძალიან გამახარა. მოგვიანებით სტეფან ანდრესევიჩი გავიყვანე მოედნიდან. მიუხედავად იმისა, რომ კარგი შედეგი აჩვენა, მისი დასვენება ვამჯობინე. სხვადასხვა განლაგება გამოვცადე დღეს მოედანზე, რომელმაც ვთვლი, რომ გაამართლა. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი ტემპით და ვნახოთ რა გამოვა.

ბუბა ბერიშვილი, „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი: ჯერჯერობით ვერ ვართ ისევ სასურველ კონდიციაში. ძალიან ბევრი შეცდომა და აცილება გვაქვს, ამაზე დიდი მუშაობა გვმართებს და მომავალში აუცილებლად გამოვასწორებთ.