ბათუმმა სოხუმს დამაჯერებლად მოუგო

ბათუმმა სოხუმს დამაჯერებლად მოუგო

ქუთაისში გუშინ დაწყებული სუპერლიგის მორიგი ტური დღეს ბათუმსა და თბილისში გაგრძელდა. მორიგ შეხვედრას აჭარის მთავარმა გუნდმა უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ „სოხუმი“ ჩავიდა. სოხუმელებმა წინა შეხვედრაში ღირსეულად იბრძოლეს ლიდერ „დინამოსთან“ და ბოლო წუთებზე დამარცხდნენ. დასანანი წაგების შემდეგ სოხუმელები ამბიციით ჩავიდნენ ბათუმში, თუმცა გასული სეზონის შემდეგ გაძლიერებულ ზღვისპირელებთან ვერას გახდნენ.

თანაბარი ბრძოლა მეორე პერიოდამდე გაგრძელდა. საწყის წუთებზე მოპოვებული ლიდერობა სოხუმელებმა მალე დაკარგეს, პირველი პერიოდი 17:19 დათმეს და მეორე მეოთხედში მასპინძლებს გვარიანად ჩამორჩნენ – 44:33. დიდი შესვენების შემდეგ სოხუმელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ანგარიშში დეფიციტი არათუ შეამცირეს, კიდევ უფრო მეტად ჩამორჩნენ.

ბოლო პერიოდის წინ „ბათუმი“ 15 ქულით ლიდერობდა და დასკვნითი მეოთხედი ისე ითამაშა, საფრთხე არ დამუქრებია. საბოლოოდ ზღვისპირელებმა 19 ქულით – 83:64 იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერებში გაერივნენ. ზღვისპირელებს 3 მოგება და 1 წაგება აქვთ, ისევე როგორც „ოლიმპს“ და „ქუთაისს“.  ლიდერი „დინამოა“ – 3 მატჩიდან 3 მოგებით.

სტატისტიკაში არსებულ ყველა მაჩვენებელში ბათუმელებმა სტუმრებს აჯობეს. მხოლოდ ჩაჭრებსა და დაფარებებში იყვნენ სოხუმელები მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტორი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

აჭარულ გუნდს უკრაინელმა ილია შემოსიუკმა და ვახტანგ ქადარიამ ულიდერეს. უკრაინელმა 24 ქულა მოაგროვა, ვახტანგ ქადარიამ 20 ქულას 8 მოხსნა და 3 პასიც მოაყოლა, ხოლო ნოდარ თენიეშვილმა 10 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. „სოხუმში“ 18 ქულით საუკეთესო იყო კვან უოლერი. გიორგი კვეტენაძემ და სერგეი პრიმაკმა შეხვედრა 12-12 ქულით დაასრულეს.

მორიგი მატჩი დღეს, 21:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მარნეულის „დელტასა“ და „მგზავრებს“ შორის გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ლაშა ოჩხიკიძე, (ბათუმის მწვრთნელი): პირველი მეოთხედი თანაბარი იყო, თუმცა მეორე მეოთხედიდან გავექეცით მოწინააღმდეგეს და თამაშის ბოლოს ჩვენმა უპირატესობამ 20 ქულასაც მიაღწია. კარგად ვითამაშეთ დაცვაში. კმაყოფილი ვარ გუნდით, განსაკუთრებით გამოვყოფდი ქადარიას და შემოსიუკის კარგ თამაშს.

მიხეილ კობეშავიძე (სოხუმის მთავარი მწვრთნელი): სამწუხაროდ ეს თამაში ჩაგვივარდა და ამას როტაციის ნაკლებობას ვაბრალებ. ჩელოვანი ტრავმირებული  გვყავს, ბაიდასაც ტრავმა აქვს. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ მომავალ თამაშებში.