სტატისტიკა
გალერეა საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის ბოლო, მე-14 ტურის ოთხივე შეხვედრა დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. პირველი მატჩი, რომელშიც „სოხუმმა“ „ბათუმს“ უმასპინძლა, დასრულდა. თამაში მეტად დაძაბული, საინტერესო და სწრაფი გამოდგა. შეხვედრის ბედი წამზე, ერთმა სროლამ გადაწყვიტა.
პირველი პერიოდი ბათუმელებმა 1 ქულით მოიგეს, ხოლო მეორე ათწუთეულში უპირატესობას უკვე სოხუმელები დაეპატრონნენ – 43:42. თუმცა ეს ლიდერობა პირობითი იყო, რადგან გუნდებში სხვაობა 1-2 ქულას შეადგენდა. შედარებით ხელჩასაჭიდ უპირატესობას სოხუმელებმა მიაღწიეს, როცა მესამე პერიოდის ბოლო წუთზე 8 ქულით – 63:55 დაწინარუდნენ.
სოხუმელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა გუნდის მე-3 ამერიკელს ანდრე სმიტს, თუმცა გუნდს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფაცაციამ ულიდერა, რომელმაც შეხვედრა 29 ქულით დაასრულა. სწორედ ფაცაციამ ჩააგდო სოხუმელთა ბოლო 2 ქულა საჯარიმოს ხაზიდან და სავარაუდოდ მატჩის გმირიც გახდებოდ,ა რომ არა ბათუმელების ბოლო წამზე ჩაგდებული გამარჯვების ბურთი.
72:73 ჩამორჩენილი ბათუმელები მატჩის დასრულებამდე 13 წამით ადრე ბოლო შეტევაზე გადავიდნენ. სირენამდე 5 წამით ადრე აკაკი დვალიშვილმა ორქულიანი ააცილა, ბურთი მისმა თანაგუნდელმა ლეჟავამ მოხსნა და მანაც ააცილა, თუმცა ბურთს ფართან იმავე დვალიშვილი მისწვდა და კალათში ჩააბრუნა – 74:73 „ბათუმის“ სასარგებლოდ.
გამარჯვებულებას 23 ქულით ლეონიდ სტეპანიშინმა ულიდერა. დვალიშვილმა ორმაგი დუბლი – 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, ხოლო იგორ კრივცოვმა ბათუმელებს 14 ქულა შეაშველა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მთავარი მწვრთნელი): ბრწყინვალე თამაში იყო, დანაბულობით აღსავსე. მსაჯობა იდეალური იყო. ჩვენ გუნდს კი ერთი და იგივე ავადმყოფობდა ჭირს: მთელი თამაში ვიგებთ და ბოლო წამებზე ვაგებთ. დღეს ვერ გავრისკე სმიტი რომ სრულად დატვირთვით მეთამაშებინა. 4 თამაშია ზედიზედ ვაგებთ და ძიებაში ვართ, მე აუცილებლად მოვძებნი იმ 5ეულს, რომელიც მოახერხებს რომ ბოლო წამებზე მსგავსი შეცდომები აღარ გავიმეოროთ.
დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): ნორმალური თამაში იყო, სოხუმი ძალიან კარგი გუნდია. სანახაობრივი მატჩის მოლოდინი გვქონდა და მაყურებელმაც მიიღო სიამოვნება. ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა და მე ჩემს ბიჭებს მივულოცავ გამარჯვებას და 2 წრის კარგად დამთავრებას.