სტატისტიკასუპერლიგის მორიგი, მე-4 ტური დღეს ბათუმში დაიწყო,
სადაც სათამაშოდ „რუსთავი“ ჩავიდა. ერთი შეხედვით, საინტერესო ბრძოლა უნდა შემდგარიყო,
თუმცა მასპინძლებმა საკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვეს.
ბათუმელებმა სეზონი „დინამოსთან“ დიდსხვაობიანი მარცხით
დაიწყეს, თუმცა შემდეგ ძალები მოიკრიბეს და ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვეს: დავით
უსტიაშვილის გუნდმა ჯერ შინ „მგზავრებს“ სძლია, გასულ შაბათს კი თბილისში „ოლიმპიც“
დამარცხა. წარმატებული სვლა აჭარულმა გუნდმა მე-4 ტურშიც გააგრძელა. ბათუმელებმა ქვემოქართლელებს
ზედმეტი გართულებების გარეშე – 92:64 სძლიეს.
შეხვედრა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო დაძაბული, სანამ
ბათუმელები ლიდერობას მოიპოვებდნენ. საწყისი პერიოდი ზღვისპირელებმა 25:21 მოიგეს და
თამაშის სადავეებს მეორე ათწუთეულში საბოლოოდ დაეპატრონნენ. გუნდური თამაშის წყალობით უსტიაშვილის გუნდმა პერიოდი
25:10 მოიგო და დიდ შესვენებაზე 19-ქულიანი ლიდერობით გავიდა.
თუკი რუსთაველებს წარმატების მიღწევა სურდათ, მესამე
მეოთხედში უნდა ემარჯვათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. ქვემოქართლელებმა მესამე ათწუთეული
მხოლოდ 1 ქულით მოიგეს და დარჩენილ დროში 18 ქულის გაბათილება არარეალური იყო. ბათუმელებს
ახალწვეულმა, უკრაინელმა ლეონიდ სტეპანიშინმა გაუმართლა, რომელმაც მეორე ტაიმში შედეგიანობა
გამოიჩინა და მისი, აკაკი დვალიშვილისა და ირაკლი მიქელაძის უხვქულიანობით მასპინძლების
უპირატესობა 24 ქულაზე ავიდა.
შეხვედრის ბედის აქ გადაწყდა. დარჩენილი დრო ფორმალობად
იქცა. ბათუმელებმა საბოლოოდ 92:64 იმარჯვეს და სანამ ტურის სხვა მატჩები გაიმართებოდეს,
სუპერლიგის ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. გამარჯვებულთაგან 19 ქულით სტეპანიშინი გამოირჩა,
18 ქულა და 11 პასი დააგროვა ირაკლი მიქელაძემ, ხოლო აკაკი დვალიშვილმა 15 ქულა,
12 მოხსნა და 5 ჩაჭრა მიითვალა. რუსთაველთაგან 18 ქულით და 17 მოხსნით საუკეთესო იყო
ნიკოლა გაჩეშა.
მე-4 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, 7 ნოემბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება:
აკადემია – დინამო 11:45სოხუმი – ქუთაისი 14:00ოლიმპი – მგზავრები 16:00
ბათუმი – რუსთავი 92:64
მატჩისშემდგომი
კომენტარები:
მიხეილ ბერუაშვილი
(„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში
მივულოცავ „ბათუმის“ გუნდს გამარჯვებას, მოწინააღმდეგემ კარგად ითამაშა, რაც ანგარიშზეც
აისახა. თამაში დაცვაში შეცდომების გამო წავაგეთ. ვეცდებით შემდეგ მატჩებში მსგავსი
შეცდომები აღარ დავუშვათ და მომავალ ტურში გამოვასწოროთ სტილი.
დავით უსტიაშვილი („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ,
ასევე თამაშის ხარისხით. დაცვაშიც და შეტევაშიც „ბათუმი“ შეუდარებელი იყო. საკმაოდ
ძლიერი „რუსთავის“ გუნდი საკმაოდ კარგად და დიდი ანგარიშით დავამარცხეთ.