ბათუმმა მეოთხედფინალური სერია ქუთაისს 3:1 მოუგო

ბათუმმა მეოთხედფინალური სერია ქუთაისს 3:1 მოუგო

 სტატისტიკამესამე ნახევარფინალისტი დღეს აჭარაში გამოვლინდა. დავით
უსტიაშვილის გაწვრთნილმა „ბათუმმა“ მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩში 86:84 სძლია
„ქუთაისს“ და სერია 3:1 მოიგო. ამერიკელი ლეგიონერებით გაძლიერებულმა აჭარულმა გუნდმა,
რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-6 ადგილი გაიკავა, პელი ოფის პირველი რაუნდიდან
მესამეადგილოსანი და მოედნის უპირატესობის მქონე „ქუთაისი“ გააგდო.

გუშინდელის მსგავსად დღევანდელი მატჩიც საკმაოდ დაძაბული
გამოდგა. ბათუმლებმა დებიუტში მცირე უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მესამე პერიოდიდან
თამაშიც გათანაბრდა, ანგარიშიც და ლიდერიც ხშირად იცვლებოდა. ყველაფერი ბოლო წუთებზე
გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა მეტი მობილიზებით ჩაატარეს.

გადამწყვეტ მომენტში აღსანიშნავია ნიკ კელოგის, ბიჯეი
იანგის, ირაკლი მიქელაძის და ლევან რევაზაშვილის სიზუსტე. ამ მოთამაშეების ქულებმა
ბათუმელებს ბოლო წუთზე ხელჩასაჭიდი ლიდერობა დაუბევეს – 83:76. ქუთაისელებმა დარჩენილ
დროში ვერ მოახერხეს ვითარების შეცვლა და მატჩთან ერთად სერიაც წააგეს.

გასული წლის ვერცხლისმედალოსანი „ქუთაისი“ პლეი ოფს
მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ბათუმელებს
20 ქულით და 20 მოხსნით კრის ფელჩრმა ულიდერა, დიდად სარგებლიანი იყო ირაკლი მიქელაძე,
რომელმაც 17 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. რაც „ბათუმში“ ჩაირიცხა, პირველად
მოხდა, რომ ბიჯეი იანგი გუნდის ბომბარდირი არ გახდა. ამერიკელმა უკანახაზელმა 16 ქულა
დააგროვა, ხოლო ნიკ კელოგმა თავი 14 ქულს მოუყარა. ქუთაისელთაგან საუკეთესო იყო აზერბაიჯანელი
ზაურ ფაშაევი, რომელმაც სამმაგი დუბლი – 22 ქულა, 16 პასი და 10 მოხსნა გაიფორმა.
20 ქულით და 12 მოხსნით დაასრულა შეხვედრა სენეგალელმა აბდულაი ნდოემ.

„ბათუმი“ ნახევარფინალში გავიდა და „შსს-აკადემიასა“
და „სოხუმს“ შორის გამარჯვებულს ელოდება. მეორე ნახევარფინალში „დინამო“ და „რუსთავი“
დაუპირისპირდებიან.