არმიამ შსს აკადემიას შანსი არ დაუტოვა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა გალერეაVIDEO

საკალათბურთო სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული
დერბი შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს გუნდებს შორის დაძაბული ვერ გამოდგა.
“არმიამ” “შსს-აკადემია” სწრაფ თამაშში 92:74 დაამარცხა და ლიდერობა
შეინარჩუნა.

ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა, თუმცა
არის შემთხვევები, როცა ერთი მეორეს აშკარად ჯობნის. “შსს-აკადემიამ” ცოტა
ხნის წინ 2 ლეგიონერი დაიმატა და საკმაოდ კონკურენტუნარიანი გახდა. სერბი მილე ილიჩი
და ამერიკელი პერიშ ბრაუნი შსს-ელებს კარგად შეეწყვნენ და გუნდმა რამდენიმე ძლიერი
მეტოქე დაამარცხა.

აქედან გამომდინარე, დღევანდელ დერბიში საინტერესო ბრძოლა
იყო მოსალოდნელი, თუმცა კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა არმიელებმა შესანიშნავი თამაში აჩვენეს
და მიუხედავად პირველი მეოთხედის წაგებისა, გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ. აკდემიელებმა
სადებიუტო ჩამორჩენის შემდეგ მოახერხეს მატჩის სადავეების მოპოვება და პირველი ათწუთეული
20:19 მოიგეს.

მეორე პერიოდიდან “არმიამ” თამაში დაალაგა.
სწრაფი შეტევა, ფარზე თამაში, დაცვაში სიმტკიცე – კოტე ტუღუშის გუნდს ყველაფერი გამოსდიოდა.
შეტევაში მიხეილ ბერიშვილი გამოირჩეოდა, რომელსაც სეზონის რეკორდის გაუმჯობესებამდე
3 ქულა დააკლდა. ბერიშილი სწრაფი გარღვევებითაც გამოირჩეოდა და შორ სროლებსაც აგდებდა.
ფარქვეშ გიორგი შარაბიძე იყო გამაგრებული და შსს-ელთა გოლიათ ცენტრ მილე ილიჩს მაქსიმალურად
ზღუდავდა. ბექა წივწივაძე თავის ამერიკელ მეურვეს სისწრაფეში არ ჩამოუვარდებოდა და თანაგუნდელების პასებით უხვად მომარაგებასთან ერთად ბურთებსაც აგდებდა. 
მეორე პერიოდი არმიელებმა 24:11 მოიგეს, მეორე პერიოდში
კი 25:15 იმარჯვეს, რამაც ბოლო მეოთხედის წინ ტუღუშის გუნდს დიდი უპირატესობა დაუბევა
– 68:46. მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. ბოლო ათწუთეულში აკადემიელები 22 ქულის გამბათილებლები
არ იყვნენ და ეს ვერც მოახერხეს. საბოლოოდ “არმიამ” 18 ქულით გაიმარჯვა.

თავდაცვის სამინისტროს გუნდს 32 ქულითა და 10 მოხსნით
მიხეილ ბერიშვილმა ულიდერა, შარაბიძემ 17 დააგროვა,  თეიმურაზ ბაბუნაშვილმა და ზვიად ბაბიაშვილმა კი
შეხვედრა 10-10 ქულით დაასრულეს. წივწივაძემ 7 ქულსთან ერთად 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რაც მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგს 1 პასით ჩამორჩება. “შსს-აკადემიაში”23 ქულით საუკეთესო ბრაუნი
იყო, ილიჩმა კი თავის გუნდს 16 ქულა და 14 მოხსნა შესძინა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
კოტე ტუღუში (,,არმიის” მთავარი მწვრთნელი): ვფიქრობ მნიშვნელოვანი
გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ შეხვედრისთვის საკმაოდ კარგად მოვემზადეთ.  სტატისტიკის მიხედვით მიხეილ ბერიშვილმა გამოიჩინა
თავი, თუმცა ეს ყველაფერიც ისევ და ისევ გუნდური თამაშის წყალობით მივიღეთ. მსურს ბოდიში
მოვუხადო გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს თამაშის ბოლოს მომხდარი ინციდენტის გამო.
ჩემთვის მიუღებელია ასეთი ქმედებები და აუცილებლად დაისჯება ჩემს გუნდში ვინც დამნაშავე
 იყო. ვფიქრობ არ ეკადრება არც არმიის და არც
სუპერლიგის სხვა გუნდების მოთამაშეებს ასეთი საქციელი.
არჩილ ჟღენტი (,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი):
 მივულოცავ არმიას ღირსეულ გამარჯვებას. სტატისტიკა
ყველაფერზე მეტყველებს და ჩანს, რომ ,,არმიამ” კარგად ითამაშა. თავიდანვე  აღვნიშნე, რომ ჩვენს გუნდს ჰყავს ლეგიონერები, თუმცა
შეთამაშება ნამდვილად გვჭირდება.  ჩვენმა მოწინააღმდეგემ
დღეს ღირსეულად გაიმარჯვა.
მიხეილ ბერიშვილი
(არმია): მივულოცავ ბიჭებს და გულშემატკივარს მოგებას , შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ
და შედეგიც სახეზეა.

ბექა  ჩიკვილაძე (შსს აკადემია):ნამდვილად არ
ველოდი ამხელა სხვაობას. დიდხანს ვემზადებოდით, მაგრამ ბიჭებმა ვერ გამოვიჩინეთ თავი.
მწვრთნელთა შტაბმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ მწვრთნელი ვერ შემოვა მოედანზე და ჩვენ მაგივრად  ვერ ითამაშებს. ბიჭები გავანაალიზებთ
ამ ყველაფერს და კვლავ დიდი ჟინით ვიბრძოლებთ.