აკადემია რუსთავს პირველ ტაიმში გაუძალიანდა

აკადემია რუსთავს პირველ ტაიმში გაუძალიანდა

 სტატისტიკა   გალერეა

მერამდენე მატჩია „აკადემია“ ერთი სცენარით თამაშობს.
უფრო ზუსტად, თავად გუნდის სურვილი რომ იყოს, ცხადია, ბოლომდე იბრძოლებდა მოსაგებად,
მაგრამ უმეტეს მატჩებში გელა წულაძის გუნდი თავიდან ტოლ-სწორად ეთამაშება მეტოქეს,
მეორე ტაიმში კი პოზიციებს თმობს და დიდი სხვაობით აგებს.

ასე იყო „რუსთავთან“ მე-6 ტურის მატჩშიც. პირველ ტაიმში
ვერ გაიგებდი, ფავორიტი რომელი გუნდი იყო. „აკადემია“ არაფრით ჩამოუვარდებოდა ქვემო
ქართლურ გუნდს და უმეტესწილად ლიდერობდა. პირველიც და მეორე მეოთხედიც ფრედ დასრულდა
და შესაბამისად, დიდი შესვენებისთვის თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა – 39:39.

მესამე პერიოდიდან ვითარება კარდინალურად შეიცვალა.
რუსთაველებმა დაცვა გაამაგრეს, შეტევაში კი ზეწოლა გაამძაფრეს, რამაც შედეგი გამოიღო
და აღნიშნული პერიოდი ქვემო ქართლურმა გუნდმა 30:20 მოიგო. რუსთაველები ამაზე არ გაჩერდნენ
და მეოთხე ათწუთეულიც 10 ქულით მოიგეს, რის შემდეგაც საბოლოო ანგარიში – 95:75 დაფიქსირდა.

„რუსთავში“ 25 ქულით ბომბარდირი ნიკოლა გაჩეშა გახდა,
24 ქულა და 10 მოხსნა ამერიკელმა კაილ ტურპინმა მიითვალა, ლაშა გამყრელიძის ანგარიშზე
კი 18 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. აკადემიელებს 21 ქულით ამერიკელმა დეანდრე
მეისმა ულიდერა, ბელარუსმა ვლადიმირ კრისევიჩმა კი 14 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.

მე-6 ტური დღის ბოლო მატჩით დასრულდება, რომელშიც ერთმანეთს
„მგზავრები“ და „სოხუმი“ დაუპირისპირდებიან. 

მატჩისშემდგომი კომენტარები: 

მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი: „მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. მეორე ტაიმში თამაში
გამოვასწორეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. წინ უფრო მნიშვნელოვანი მატჩები გველის.
თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩემპიონატის თითოეული გუნდი კონკურენტუნარიანია“.

გელა წულაძე, „აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი: „ის, რომ თავიდან მეტოქეს არ ჩამოუვარდებით და შემდეგ
ვაგებთ, ეს კლასის და გამოუცდელობის ბრალია. გვყავს რამდენიმე გამოცდილი მოთამაშეც,
მაგრამ ისინი არ არიან ფორმაში. ფორმაში შესვლას დრო უნდა, ჩვენ კი მომზადების დრო
არ გვქონდა. მომავალ ტურში ამერიკელი ლეგიონერი დაგვემატება, რომელიც, იმედია, 4 ნომრის
პოზიციაზე პრობლემას მოგვიგვარებს. ვნახოთ, ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ თამაშები მოვიგოთ
და სუპერლიგაში არსებულ კონკურენციაში აქტიურად ჩავერთოთ“.