გალერეაფიბა-ს ტრადიციული პროექტის ფარგლებში საქართველოს ევრობასკეტ
2017-ის საჩემპიონო თასი ესტუმრა. „ტროფი ტური“ ევროკალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ
ევროპის ჩემპიონატის პოლულარიზაციისთვის 2 წლის წინ წამოიწყო და 2015 წლის გათამაშების
წინ ნიკოლაი სემაშკოს თასმა ტურნირის მონაწილე 24-ივე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც
იმოგზაურა.
ევრობასკეტ 2017-ის დაწყებამდე კი საჩემპიონო თასი ევროპის
კონტინენტზე მოგზაურობს და 13-14 აგვისტოს მისი მორიგი გაჩერება საქართველოს დედაქალაქი
გახლდათ. ნიკოლაი სემაშკოს თასი თავდაპირველად სპორტის სასახლეში, საქართველოსა და
ჩეხეთის მატჩისას გამოიფინა და მასთან ნებისმიერ მსურველს შეეძლო სამახსოვრო ფოტოს
გადაღება.
14 აგვისტოს ევრობასკეტ 2017-ის თასს დატვირთული დღე
ჰქონდა და ჯერ ქართლის დედის ძეგლს ეწვია, შემდეგ კი თემქაზე მდებარე ზურაბ წერეთლის
მონუმენტ „საქართველოს მატიანესთან“ იმყოფებოდა. დღის ბოლოს, ევრობასკეტის თასი მთაწმინდა
მდებარე „ფუნიკულიორს“ ესტუმრა, სადაც საქართველოს მთავრობის წევრები და მინისტრები
ჩვენს ეროვნულ გუნდს შეხვდნენ და ევროპის ჩემპიონატის თასის თანხლებით კონტინენტის
უმთავრეს ტურნირზე წარმატება უსურვეს.
15 აგვისტოს, გამთენიისას ნიკოლაი სემაშკოს თასმა საქართველო
დატოვა და გერმანიაში, ფიბა-ს ოფისში დაბრუნდა, საიდანაც მოგზაურობას ევრობასკეტ
2017-ის მონაწილე სხვა ქვეყნებში გააგრძელებს. თასის საბოლოო გაჩერება იქნება სტამბოლის
„სინან ერდენის“ არენა, სადაც 17 სექტემბერს, ევრობასკეტის ფინალური მატჩის შემდეგ
მას ევროპის ჩემპიონი დაეპატრონება.
თბილისის ტროფი ტურის შესახებ
ფიბამ ინფორმაცია თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა – Tbilisi has its turn to host FIBA EuroBasket 2017 Trophy Tour
გალერეა
ფოტოები: ხატია ჯიჯეიშვილი