← სიახლე
დადიანის მემორიალის ფინალში „ოლიმპი“ „დინამოს“ შეხვდება

2017-10-05

დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის ფინალისტები cცნობილია. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირის მოსაგებად თბილისური გუნდები - „ოლიმპი“ და „დინამო“ ითამაშებენ.

დღეს ამ გუნდებმა მემორიალის ნახევარფინალები ითამაშეს და გამარჯვებები იზეიმეს. ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრებიდან პირველი „ოლიმპისა“ და „რუსთავის“ გახლდათ, რომელიც საკმაოდ საინტერესო გამოდგა.

„ოლიმპმა“ მატჩი სოლიდური უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდი 26:16 მოიგო, მეორე მეოთხედში კი 20-ქულიან ლიდერობასაც მიაღწია. ჩინებულად თამაშობდნენ ოლიმპელთა წევრები - მერაბ ბოქოლიშვილი (26 ქულა საბოლოოდ) და მარკ ენტონი (26 ქულა, 10 მოხსნა).

რუსთაველები გონს მალე მოეგნენ და მეორე პერიოდში ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს, მესამე პერიოდის შუაწელში კი მეტოქეს სულაც გაუთანაბრდნენ - 45:45. „ოლიმპის“ მოთამაშეებს ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუხდათ, თუმცა ამას თავი კარგად გაართვეს და პირველი ტაიმის მსგავსი არა, მაგრამ ლიდერობა კი მოიპოვეს.

„ოლიმპმა“ სტაბილურად ჩაატარა მატჩის დასკვნითი პერიოდი, რუსთაველებს კი ჰქონდათ გამარჯვების შანსი, მაგრამ ბოლო წუთებზე შეცდომები დაუშვეს და 75:83 დამარცხდნენ. ბოქოლიშვილთან და ენტონისთან ერთად ოლიმპელთაგან 12 ქულით, 6 მოხსნითა და 6 ჩაჭრით გივი ბაქრაძე გამოირჩა. „რუსთავში“ პოლ კუპერმა (16 ქულა, 14 მოხსნა) და ტაირელ ნელსონმა (15 ქულა, 12 მოხსნა) ორმაგი დუბლები გაიფორმეს.

მეორე ნახევარფინალი უფრო დაძაბული გამოდგა. ბოლო 2 სეზონის საუკეთესო გუნდები - „დინამოსა“ და „ქუთაისის“ გზები ნახევარფინალში კენჭისყრამ გადაკვეთა. მათი მატჩი დაძაბული გამოდგა. ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო, ვინ მოიგებდა. მათალია, დინამოელები მთელი თამაში ლიდერობდნენ, თუმცა იმერული კლუბი ბევრით არ რჩებოდა და შანსს ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა.

პირველი მეოთხედი „დინამომ“ 23:18 მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი 4 ქულას იგებდა. ასეთივე იყო დინამოელთა ლიდერობა დასკვნითი პერიოდის წინ, ხოლო მატჩის ბოლო წუთზე, როცა ქუთაისელთა ლიდერმა აკაკი დვალიშვილმა ბურთი ჩაჭრა და ბარბაქაძეს გადააწოდა, ამ უკანასკნელს სწრაფი შეტევა რომ დაეგვირგვინებინა, „დინამოს“ ლიდერობა მინიმუმამდე შეიკვეცებოდა. სამწმიან ზონაში შეჭრილმა ბარბაქაძემ ფარი ვერ დალაშქრა და როცა დინამოელებმა ბურთი მოიპოვეს, მატჩის ბედიც გაირკვა.

საბოლოოდ თბილისურმა გუნდმა 74:67 გაიმარჯვა და შარშან მოგებული დუდუ დადიანის თასის დაცვის უფლება მიიღო. გამარჯვებულებს 15 ქულითა და 10 მოხსნით ლევერ ბოიდმა ულიდერა. 13-13 ქულა მიითვალეს ნიკოლა გაჩეშამ და ილია ლონდარიძემ. კაილ ტურპინმა 9 ქულა, 7 დაფარება (!) და 6 მოხსნა მიითვალა. "ქუთაისში" 17 ქულით, 12 მოხსნითა და 3-3 ჩაჭრა-პასით საუკეთესო იყო რუსული "ნოვოსიბირსკიდან" დაბრუნებული აკაკი დვალიშვილი. 10-10 ქულა მიითვალეს ბექა ბექაურმა და ჯონათან ლიმ. 

ფინალური მატჩი, რომელშიც ნომინალური მასპინძლები „ოლიმპი“, ხოლო სტუმარი „დინამო“ იქნება, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 17:00 საათზე გაიმართბა.

რუსთავი - ოლიმპი 75:83


ქუთაისი - დინამო 67:74

ფოტოები: მირიან ჩხეიძე


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890