← სიახლე
კაკტუსმა ოლიმპს ბოლო წამებზე მოუგო

2017-04-22

 გალერეა

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა, 27-ე ტური გუშინ რეგიონებში დაიწყო და დღეს თბილისში გაგრძელდა. ოლიმპიურმა სასახლემ 1 მატჩს უმასპინძლა, რომელშიც „კაკტუსი“ „ოლიმპს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში - 82:79 დაამარცხა.

მატჩი უმეტესწილად თანაბარი იყო. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა წინ დამაჯერებლად გასვლას. დაძაბულობაზე ისიც მიუთითებს, რომ ლიდერი 26-ჯერ შეიცვალა, ხოლო თნაბარი ანგარიში 15-ჯერ შეიცვალა.

მატჩის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე, როცა ანგარიში თნაბარი იყო, ირაკლი ჩლაიძემ გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო და „კაკტუსს“ 82:79 მოაგებინა.

გამარჯვებულებს ჯონ ფლოვიესმა ულიდერა 19 ქულით, მეორე ამერიკელმა ლეგიონერმა, ტერიკ ბრიჯმენმა 14 ქულა დააგროვა. „ოლიმპში“ 21 ქულით უოლტერ პიჩფორდი გამოირჩა, რეზო როგავასა და თრე ბურნეთის ანგარიშზე კი 19-19 ქულა დაგროვდა.

27-ე ტურის ბოლო მატჩი დღეს, რუსთავში, 18:00 საათზე გაიმართება, რომელშიც „რუსთავი“ „დინამოს“ უმასპინძლებს. 


მატჩისშემდგომი კომენტარები

არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):

„ოლიმპი ჩვენთვის უხერხული მეტოქეა და ეს ამ მატჩშიც გამოჩნდა. დასასრული ჩვენთვის წარმატებული გამოდგა და გამარჯვებას მივაღწიეთ, რასაც ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს ვულოცავ. მართალია, ჩვენ განაღდებული გვაქვს პლეი ოფის საგზური, თუმცა ჯერ არ ვიცით, მე-3 ადგილზე გავალთ თუ მეოთხეზე. ეს ყველაფერი 3 დღეში გადაწყდება“.

ლეონიდ ივატინი (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): 

„82 ქულა ჩვენი დაცვისთვის ძალიან ბევრია. საშუალოდ 70 ქულაზე მეტს არასდროს ვუშვებდით და ეს ჩვენი მაჩვენებელი არაა. 1-ელ პოზიციაზე მოთამაშე დავკარგეთ და ფაქტიურად ამ პოზიციის გარეშე ჩავამთავრეთ მთელი თამაში, რის შემდეგაც ადაპტაცია თამაშის შიგნით რთულია. ბოლო წამებზე მსროლელი მოთამაშის მარტო დატოვება და მაღალ მოთამაშეზე გადართვა დაცვაში ცოტათი უცნაური იყო ჩემთვის, მაგრამ არაუშავს, დასკვნებს გამოვიტანთ და გამოვასწორებთ.“ 


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890