გამყრელიძის პასები “გიოსენს” ვერ შველის

გამყრელიძის პასები “გიოსენს” ვერ შველის

                სერია A
მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა, რომელიც ბოლო ტურებში წარმატებით ასპარეზობდა, იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში წარუმატებლად ითამაშა. „კანტუმ“ სტუმრად „კასერტასთან“ ითამაშა და 65:73 დამარცხდა.
 
მიუხედავად იმისა, რომ მარკოიშვილი მხოლოდ 18 წუთით იმყოფებოდა მოედანზე, ეს დრო მას საკუთარ გუნდში ბომბარდირობისთვის ეყო. 11 ქულაზე მეტი კანტუელთაგან ვერავინ მოაგროვა. მანუჩართან ერთად სწორედ ამდენი ჰქონდა ვლადიმირ მიკოვს. საქართველოს ნაკრების წევრმა კასერტელებს 5–დან 3 ორქულიანი, 3–დან 1 სამიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩაუგდო. მარკოიშვილი დანარჩენ სტატისტიკურ მონაცემებში მოკრძალებული გახლდათ – მხოლოდ 1 მოხსნა ჰქონდა.
 
ტრავმირებულ ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ დღეს სტუმრად „ვარეზეს“ გაეჯიბრება.
 
 
 
 
        ადრიატიკის ლიგა
გიორგი შერმადინი „პანათინაიკოსიდან“ „ოლიმპიაში“ იმიტომ გადავიდა, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა, თუმცა ლიუბლიანურ გუნდში ქართველ ცენტრს არ უწევს ხანდრძლივი დროით მოედანზე ყოფნა. ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში შერმადინი მწვრთნელმა მხოლოდ 12 წუთს ათამაშა.
 
„ოლიმპია“ ჩერნიგორიულ „ბუდუჩნოსტს“ მასპინძლობდა და საკმაოდ იოლად დაამარცხა – 68:53. პირველი მეოთხედი ლიუბლიანელებმა 19:9 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უკვე 16 ქულით ლიდერობდნენ. შერმადინმა 2 ქულა, 2 დაფარება, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი სამჯერ დაკარდა.
 
ლიუბლიანელები ადრიატიკის ლიგას სლოვენიურ კრკა–სთან და სერბულ „ჰემოფარმთან“ ერთად ლიდერობენ.
 
           გერმანული ბუნდესლიგა
ბუნდესლიგაში ერთ–ერთი საუკეთესო მეპასის სახელი დაიგდო ლაშია–გიორგი გამყრელიძემ. ცუდი ისაა, რომ მისი გუნდი გამუდმებით აგებს. მას შემდეგ, რაც სეზონი 4 გამარჯვებით დაუწყო და ლიგას ლიდერობდა, გიოსენელებმა 7 წაგება განიცადეს და ცხრილში მე–11 ადგილზე ჩამოინაცვლეს.
 
მორგიგ ტურში „გიოსენმა“ „ბრემენჰავენს“ უმასპინძლა და 79:83 წააგო. გამყრელიძე ხუთეულში იყო და მოედანზე გადატებულ 31 წუთში 9 ქულა და 7 პასი მოაგროვა. გიორგიმ 44 საჯარიმო, 5–დან 1 ორქულიანი და 3–დან 1 სამიანი ჩააგდო.
 
                   ესტონეთის ჩემპიონატი
თუკი ტალინურ „კალევს“ არ ხვდება, გიორგი ცინცაძის „როკისთვის“ ესტონეთის ჩემპიონატში ყველა მატჩი გასეირნებასავითაა. შინ თუ სტუმრად, „როკერები“ ყველა მეტოქეს იოლად ამარცხებენ. მორიგ ტურში ტარტუელები გასვლაზე „პარნუს“ შეხვდნენ და 115:68 სძლიეს.
 
ასეთ იოლად მოსაგებ მატჩებში გუნდის ლიდერები ცოტას თამაშობენ, რადგან ბალტიის ლიგისა და ევროჩელენჯის მატჩებისთვის არ გადაიღალონ. ცინცაძემ „პარნუსთან“ მხოლოდ 14 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.