← სიახლე
რუსთავისა და ბათუმის გამარჯვებები

2017-11-11

ფიბას მიერ დაწესებული სანაკრებო ფანჯარა საქართველოში იწყება. დღეს გამართული სუპერლიგის 2 მატჩის შემდეგ უმაღლეს ლიგაში შესვენება გამოცხადდება, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მოსამზადებელი პერიოდის გამოა დაწესებული.

დღეს 2 მატჩი გაიმართა - რუსთავსა და ბათუმში. ქვემო ქართლში სათამაშოდ „კაკტუსი“ ჩავიდა, რომელმაც ადგილობრივ გუნდს გვარიანი წინააღმდეგობა გაუწია. კაკტუსელებმა მასპინძლებს პირველი პერიოდიც მოუგეს და დიდ შესვენებაზეც ლიდერობდნენ, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა ჩამორჩენის გაბათილება და დაწინაურება მოახერხეს და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს.

რუსთაველებს ტაირენ ნელსონმა ულიდერა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და თავი 23 ქულას და 12 მოხსნას მოუყარა. 18 ქულა დააგროვა რეზო ჩაჩანიძემ, ხოლო ადამ ბლეიზეკის ანგარიშზე 10 ქულა და 7 პასი დაგროვდა. „კაკტუსში“ 18 ქულით საუკეთესო იყო დეანდრე პარკსი.

ბათუმში გამართული შეხვედრა არანაკლებ დაძაბული გამოდგა. ოლიმპელები მთელი პირველი ნახევარი იგებდნენ და ლიდერობას მესამე პერიოდშიც ინარჩუნებდნენ, თუმცა მატჩის დასვნით წუთებში ბათუმელებმა მოახერხეს უპირატესობის დაუფლება და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა - 80:72.

ბათუმელებს 22 ქულით სპენსერ კოლინსმა ულიდერა, ხოლო სამმა კალათბურთელმა - ვახტანგ ქადარიამ, ლეონიდ სტეპანიშინმა და ილია შემოსიუკმა 11-11 ქულა მიითვალეს. „ოლიმპში“ 15 ქულით საუკეთესო იყო რევაზ როგავა.

რუსთავი - კაკტუსი 79:73

 რევაზ ჩხეიძე, „კაკტუსის“ მენეჯერი: საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა. „რუსთავი“ ძალიან კარგი გუნდია. ყოველთვის რთულია რუსთავში თამაში. გვქონდა ჩავარდნა, რამდენიმე შეხვედრა წავაგეთ და გვინდოდა, მეტი მობილიზებით გვეთამაშა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო გამოგვაკლდა 1 მოთამაშე და მეორეც ვერ იყო მწყობრში. ეს პრობლემები რომ არა, სხვა შედეგის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი. მივულოცავ „რუსთავს“ ამ გამარჯვებას.

რამაზ გოგობერიშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი: საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ ჩვენმა გუნდის წევრებმა ბოლომდე იბრძოლეს და მოახერხეს, რომ თამაში სასურველ შედეგამდე - გამარჯვებამდე მიეყვანათ. ვულოცავ ჩვენს გუნდს მორიგ გამარჯვებას.


ბათუმი - ოლიმპი 80:72

ლაშა ოჩხიკიძე, (ბათუმის მწვრთნელი): ოლიმპი ძლიან კარგი გუნდია. კარგად დაიწყეს თავიდან და 3 პერიოდის განმავლობაში გვჯობნიდნენ, თუმცა მეოთხე პერიოდში მოვახერხეთ დაცვასა და შეტევაში სწორი მობილიზაცია და სწორედ ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი ამერიკელი ლეგიონერის - კოლინზის, შემოსიუკისა და თენეიშვილის თამაშს.

დავით როგავა, (ოლიმპის მწვრთნელი): მთელი 3 პერიოდი თამაშს ვაკონტროლებდით, მე-4 პერიოდში დავუშვით ისეთი შეცდომები, რომლებიც არ გვეპატიება. მსგავსი რამ აღარ განმეორდება.


ფოტო: მირიან ჩხეიძე

2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890