← სიახლე
დინამოსა და ქუთაისის გამარჯვებები

2017-11-10

სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები დღეს თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. დედაქალაქის ოლიმპიურ სასახლეში „დინამო“ „მგზავრებს“ შეხვდა, ხოლო ქუთაისში ადგილობრივმა გუნდმა „სოხუმს“ უმასპინძლა.

ორივე მატჩში ფავორიტად მიჩნეულმა გუნდებმა იმარჯვეს. მიმდინარე სუპერლიგის ერთადერთმა დაუმარცხებელმა გუნდმა „დინამომ“ „მგზავრებს“ 80:64 სძლია. სადებიუტო წუთებში მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში მიდიოდა. „მგზავრები“ სოლიდურ წინააღმდეგობას უწევდნენ სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონს.

პირველი პერიოდი დინამოელებმა 21:16 მოიგეს, ხოლო მეორეში დომინირება განაგძეს და სხვაობას სათავისოდ ზრდიდნენ. „მგზავრების“ მოთამაშეები ცდილობდნენ, მაგრამ ჩამორჩნის 10 ქულაზე ნაკლებით შემცირება ვერ მოახერხეს. შეხვედრა საბოლოოდ 80:64 დასრულა და „დინამო“ კვლავ დაუმარცხებელია.

გამარჯვებულებს 17 ქულით კაელ ტურპინმა ულიდერა. ორმაგი დუბლი - 16 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა ნიკოლა გაჩეშამ, ხოლო ილია ლონდარიძის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. „მგზავრებში“ 18 ქულით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. ბერნარდ ნკალის ანგარიშზე 9 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.

ქუთაისში გამართულ მატჩში 36-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. იმერულმა კლუბმა მიმდინარე სუპერლიგაში ერთადერთი მოგების მქონე „სოხუმს“ 112:76 მოუგო. პირველ ნახევარში ანგარიშში იმდენად დიდი სხვაობა არ დაფიქსირებულა. მასპინძლებმა „სოხუმს“ პირველი პერიოდი 7, ხოლო მეორე - 2 ქულით მოუგეს და დიდი შესვენებისთვის 52:43 დაწინაურდნენ. მესამე ათწუთულში ქუთაისელებმა ტემპს და შედეგიანობას უმატეს, ლიდერობას კიდევ 12 ქულა წაამატეს და მატჩის ბედი ბოლო პერიოდის დაწყებამდე გადაწყვიტეს.

ქუთაისელთაგან 6-მა კალათბურთლმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 18 ქულით საუკეთესო დეჟუან რაითი იყო. 16-16 ქულა ბექა ბექაურისა და ჯონათან ლის ანგარიშზე დაგროვდა. „სოხუმში“ დებიუტი ჰქონდა ლიტველ ლეგიონერ ვიტაუტას კარამანისს, რომელმაც 12 ქულა მოაგროპვა. გუნდის ბომბარდირი კი კვან უოლერი გახდა 14 ქულით.

დინამო - მგზავრები 80:64

ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი: „იმის გათვალისწინებით, რომ ევროსარბიელზე და სუპერლიგაში მიყოლებით გვაქვს თამაშები, ამ მატჩში ჩვენი მიზანი მოგება იყო, რასაც მივაღწიეთ. „მგზავრები“ კარგი გუნდია და ვეცდებით, მათთან მომავალ მატჩს უფრო მომზადებულები შევხვდეთ, ვიდრე დღეს ვიყავით“.

ბუბა ბერიშვილი, „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი: „პირველ რიგში დინამოს ვულოცავ ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენ ცოტა პრობლემები გვქონდა, იქედან გამომდინარე, რომ პაუერსი გუნდიდან წავიდა, ხოლო ოთო ფხაკაძე კი სულაც დილით ჩამოფრინდა საქართველოში და დღეს მოუმზადებლად ითამაშა. დინამო ფავორიტი გუნდია და რაღაც დონეზე დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. ძალიან დიდი დრო გვაქვს, რომ მოვემზადოთ და თამაში დავხვეწოთ.“

ქუთაისი - სოხუმი 112:76

მიხეილ კობეშავიძე, „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი: მოგეხსენებათ ორი ძირითადის მოთამაშე გვაკლია, ექიმების პასუხს ველოდებით და მალე გვეცოდინება, თუ როდის შევძლებთ სრული შემადგენლობით თამაშს.

კოტე ტუღუში, „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი: გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მივულოცავ ჩემს გუნდს. სოხუმს აშკარად ეტყობა ჩავარდნა, თუმცა მჯერა, რომ ისინი მალე მოუმატებენ. წინ სანაკრებო ფანჯარა გველოდება, რომელსაც კარგად გამოვიყენებთ.


2008 – 2016 © superleague.ge
მოთამაშის ძიება მის.: ი. ჭავჭვაძის 49ა ფოსტა: geo.superleague@gmail.com
ტელ.: (+ 995) 32 913354, (+ 995) 32 235384; ფაქსი: (+ 995) 32 292890